მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლიდან ბაზარზე შესაძლოა “გასახურებელი თამბაქო” გაქრეს - იურისტი დადგენილების ხარვეზზე მიუთითებს

6286501bcdc5d
BM.GE
19.05.22 18:57
8943
2023 წლიდან “გასახურებელი თამბაქო” შესაძლოა ბაზარზე აღარ იყოს წარმოდგენილი - მიზეზი მთავრობის დადგენილებაა, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის ახალ წესებს განსაზღვრავს, თუმცა ამ დოკუმენტში არ არის დეტალურად განსაზღვრული, როგორ უნდა შეიფუთოს უშუალოდ გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები.

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 16 მაისს გამოსცა და მის მიღებას მინისტრთა კაბინეტს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი ავალდებულებდა. სპეციალური დადგენილებით, 2023 წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი სტანდარტიზებული შეფუთვით უნდა გაიყიდოს. ამგვარი შეფუთვის ვალდებულება 2020 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა საბოლოოდ ის პარლამენტმა 2022 წლის 31 დეკემბრამდე, ანუ 2023 წლამდე გადაავადა. სტანდარტული შეფუთვა არ ნიშნავს, რომ პროდუქტზე არ იქნება დაწერილი პროდუქტის დასახელება, აქ საუბარია კონკრეტულ წესზე, რომლის მიხედვითაც ბრენდის სახელი უნდა იყოს დაწერილი უნიფიცირებული ფორმატით, მაგალითად: ფონტი უნდა იყოს 14-ის ზომის, ხოლო წარწერის ფერი უნდა იყოს პანტონი (ღია რუხი 2C) მქრქალი დაბოლოებით.

მიმდინარე წლის 16 მაისს გამოცემული დადგენილების მიხედვით, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვა უნდა იყოს პანტონი 448C ფერის; ასევე განსაზღვრულია სტანდარტული შეფუთვის გაბარიტები (სიმაღლე; სიგანე; სიღრმე).

დადგენილება ვრცელდება სიგარეტის გარდა სხვა ტიპის თამბაქოს ნაწარმზე, მათ შორის გასახურებელ თამბაქოზეც, თუმცა ამ უკანასკნელის შეფუთვის წესები - შეფუთვის ზომა, გაბარიტები, წარწერის ზომა და სხვა პარამეტრები დეტალურად გაწერილი არაა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორის, ნიკა ნანუაშვილის შეფასებით, სახეზეა რეგულაცია, რომელიც შესაძლოა გაუგებრობის საბაბი გახდეს.

“სრული გაუგებრობაა გასახურებელი თამბაქოს ნაწილში და ვშიშობ, ამ გაუგებრობის გამო საერთოდ არ გაქრეს ბაზრიდან. პრობლემური შეიძლება იყოს ინტერპრეტაცია შეფუთვის ზომებთან მიმართებაშიც, აღარაფერს ვამბობ როგორ უნდა იყოს დატანილი ბრენდი და სასაქონლო ნიშანი ქართულად. ეს თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმისათვის  პრობლემა იქნება",- აღნიშნავს ნიკა ნანუაშვილი.

უშუალოდ გასახურებელი თამბაქოს შესახებ კანონში ჩანაწერი 2019 წელს გაჩნდა, 2020 წლიდან კი საქართველოში ამ პროდუქტის რეალიზაცია დაიწყო. ამჟამად ის ბაზარზე IQOS-ის ბრენდით არის წარმოდგენილი.

არსებული ინფორმაციით, კერძო სექტორი საკითხთან დაკავშირებით ბიზნესომბუდსმენთანაც გეგმავს კომუნიკაციას.

ამჟამად საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის დროებითი რეჟიმი მოქმედებს, რაც განპირობებულია რუსეთ-უკრაინის ომის გამო შექმნილი შეფერხებებით. სწორედ ამის გამო საქართველოს მთავრობას მოუწია სპეციალური დადგენილება მიეღო. აქამდე ქვეყანაში თამბაქოს ნაწარმის 80% უკრაინიდან შემოდიოდა, თუმცა  ომის ფონზე, თამბაქოს ქარხნებმა საქმიანობა ფაქტობრივად შეაჩერეს, მათ შორის გაჩერდა საქართველოსთვის განკუთვნილი პროდუქციის წარმოებაც. ამის გამო, მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც კომპანიებს გამონაკლისის წესით აძლევს უფლებას 2022 წლის 1 სექტემბრამდე თამბაქოს ნაწარმი გაყიდონ განსხვავებული შეფუთვით, ხოლო სამედიცინო გაფრთხილება პროდუქტის გარეკანზე სტიკერის სახით იყოს დაკრული. საქართველოს მთავრობის განმარტებით, ეს ცვლილება აუცილებელია მათ შორის იმისთვისაც, რათა სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიის აქციზის გადასახადის აკრეფა არ შეუფერხდეს, საიდანაც მთავრობა ყოველწლიურად 900 მილიონ ლარზე მეტ შემოსავალს იღებს. უცნობია ისიც არსებული კრიზისის ფონზე, დროულად გადაეწყობიან თუ არა კომპანიები 2023 წლის 1 იანვრისთვის თამბაქოს სტანდარტულ შეფუთვაზე.