მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: 2021 წელს ევრობონდები დაიფარება თუ რეფინანსირება მოხდება?

5f68bb336acf7
ვიქტორია მღებრიშვილი
21.09.20 18:56
1064
საბიუჯეტო კოდექსის თანახმად, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტს არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა უნდა წარუდგინოს, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 დღეში უკვე საჯარო გახდება მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი პარამეტრები.

Galt & Taggart-ში მიაჩნიათ, რომ ყველაზე დიდ გამოწვევას პანდემიის გამო შექმნილი კრიზისისთვის გასამკლავებლად აღებული ვალების მომსახურება წარმოადგენს, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობას 500 მლნ ევრობონდის დაფარვაც უწევს.

„2021 წელს საქართველოს ევრობონდების გადახდის ვალდებულება აქვს და საინტერესოა, რას იზამს მთავრობა - გადავიხდით ვალს თუ რეფინანსირებას მოვახდენთ; მოგეხსენებათ, პანდემიის გამო ქვეყანამ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან ძალიან დიდი ვალი აიღო და მომავალ წლებში მისი მომსახურება მოხდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა და დასძინა, რომ მართალია, ტურიზმის აღდგენის მოლოდინი დიდია, თუმცა თუ პროცესები სათანადოდ არ წარიმართა, ვალის შემცირების ტემპი შესაძლოა არ იყოს ისეთი, რა მოლოდინიც არსებობს.

ამასთან, Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ვარაუდით, მთავრობას 2021 წლის პირველ ნახევარშიც მოუწევს სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების გაგრძელება, განსაკუთრებით ტურიზმის ინდუსტრიაში, რადგან, ჯერჯერობით, სექტორი ვერ მუშაობს და ამისთვის დონორებისგან წელს მიღებულ ფინანსურ რესურსებს გამოიყენებენ.

ევა ბოჭორიშვილის შეფასებით, სახელმწიფომ ბევრი მექანიზმი აამოქმედა, რათა ადგილობრივ ეკონომიკას დახმარებოდა, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი და იქვე დასძინა, რომ „შეზღუდული რესურსის პირობებში სახელმწიფო იმას უნდა დაეხმაროს ვისაც, ყველაზე მეტად უჭირს“.

„ვხედავთ, რომ ექსპორტის კლების ტემპი შენელდა, ამასთან სოფლის მეურნეობის და საკვებ პროდუქტებზე მსოფლიოში მოთხოვნა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ისეთ დარგებს, სადაც მეტ-ნაკლებად მოთხოვნა არის, დამატებითი სტიმულირება არ სჭირდება; მხარდაჭერა და საგადასახადო შეღავათები ესაჭიროება მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა და ეს იყო ტურიზმი და ტურიზმთან დაკავშირებული დარგები“, - უთხრა BM.GE-ის ევა ბოჭორიშვილმა.