მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: ჩვენი ეკონომიკისთვის საჭიროა, რომ წლიურად FDI მშპ-ს 10%-ზე მეტი იყოს

5f605ef4effaf
ლიკა გურაბანიძე
15.09.20 10:51
1305

“საერთაშორისო ორგანიზაცია UNCTAD-ის პროგნოზით, წელს მოსალოდნელია, რომ მსოფლიოში FDI 40%-ით შემცირდება და ბოლო 15 წლის მანძილზე  ტრილიონ დოლარს პირველად ჩამოცდება. ამ გადმოსახედიდან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ საქართველოში წლის პირველ ნახევარში უკეთესი მდგომარეობა გვაქვს”, - განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში”.

 

“საქსტატის” მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამ წლის მეორე კვარტალში, გასული წლის აპრილ-ივნისთან შედარებით 0.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლევანდელი იანვარ-ივნისის ინვესტიციებში, გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, 25%-იანი ვარდნა დაფიქსირდა.

“ჩვენი ეკონომიკისთვის საჭიროა, რომ წლიურად FDI მშპ-ს 10%-ზე მეტი იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით გაგრძელდეს და გააქტიურდეს მუშაობა”, - მიაჩნია ევა ბოჭროშვილს.

მან ასევე თქვა, რომ FDI-ის ზრდა მეორე კვარტალში, განპირობებული იყო რეინვესტიციების 60%-ზე მეტად ზრდით. “აქ გამოსაყოფია ის ფაქტორი, რომ ორ სექტორში ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა გვქონდა - ერთი ეს არის მშენებლობა, სადაც ინვესტიციები, დაახლოებით, 270%-ით გაიზარდა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობა, სადაც 130%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ძირითადი მამოძრავებელი ინვესტიციებისთვის მეორე კვარტალში საფინანსო სექტორი იყო", - განმარტა ბოჭორიშვილმა.