მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევა ბოჭორიშვილი: ჩვენი პროგნოზით 2021 წელს ინფლაცია 4%-ზე მაღლა შენარჩუნდება

5fcf4fc611057
ლიკა გურაბანიძე
13.12.20 09:50
766

“ჩვენი გათვლებით მიმდინარე წელს საშუალო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, დაახლოებით 5.4%-იან ზრდას ველით ფასების ნაწილში და მომავალ წელსაც ვფიქრობთ, რომ ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, დაახლოებით 4%-ის ფარგლებში,” - ამის შესახებ Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წელს ინფლაციის კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნებას, სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი აქვს. მათ შორის, ლარის გაუფასურება და კომერციულ გაზზე ტარიფის ზრდა.

“საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ნოემბერში, სამომხმარებლო ფასები წლიურად 3.8%-ით გაიზარდა. სექტემბრიდან მოყოლებული წლიური ინფლაცია არ იცვლება, თუმცა აქ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წინა წლის მაღალი ბაზა და ამასთან მიმართებაშია ბოლო თვეებში ინფლაციის მაჩვენებელი შენელებული, თუმცა თვიურ ჭრილში ინფლაცია საკმაოდ სწრაფად იზრდება და ნოემბერში 0.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხოლო, საბაზო ინფლაციამ, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს 4.8% შეადგინა. წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+6.0%), ჯანმრთელობის დაცვა (+8.8%) და ტრანსპორტი (-5.2%). ამასთან, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ფასები 0.9%-ით გაიზარდა.” - აღნიშნა ბოჭორიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა მიუთითა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონესთან ახლოს იმოძრავებს.