მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევრაზიაში ჩინეთის წარმომადგენელი ჩინურ კომპანიებს საქართველოში ფულის ჩადებისკენ მოუწოდებს

5daec416aefc3
თელარა გელანტია
22.10.19 12:54
687
ევრაზიის რეგიონში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური წარმომადგენლის ლიუ ჰუეის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს კარგი პოლიტიკური კურსი, ძალიან კარგი რეგულაციები იმისთვის, რომ მოხდეს უფრო მეტი პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში.

ამის შესახებ ჰუეიმ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ერთ-ერთ პანელზე მოდერატორის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „ერთი გზა - ერთი სარტყელის ინიციატივაში“ საქართველოს როლს შეეხებოდა.

„საქართველოს გააჩნია უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლის მეშვეობითაც მას შეუძლია განავითაროს საკუთარი როლი „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში. მე პირველად ჩამოვედი საქართველოში და როგორც საელჩომ მითხრა, საქართველოში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია მოხდა რამდენიმე წლის განმავლობაში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი იყენებს საკუთარ ნიჭს, გამოცდილებას იმისთვის, რომ განავითაროს საკუთარი ეკონომიკა, ვაჭრობა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს კარგი პოლიტიკური კურსი, ძალიან კარგი რეგულაციები იმისთვის, რომ მოხდეს უფრო მეტი პირდაპირი საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა. არაერთი ჩინური კომპანიაა საქართველოში, რომელიც მრავალ სფეროში მოღვაწეობს, ეს მე ძალიან მხარებს“, - განაცხადა ჰუეიმ.

ამასთან, მან მოუწოდა ჩინურ კომპანიებს, რომ ჩამოვიდნენ და ფული ჩადონ საქართველოში.

„საქართველო ქმნის ყველაზე მოკლე მარშრუტს ევროპასა და აზიას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩინეთი აუცილებლად მოუწოდებს ჩინურ კომპანიებს, რომ უფრო აქტიურად ჩაერთონ, ჩამოვიდნენ საქართველოში, გამოიყენონ საქართველოს ეს უნიკალური სატრანსპორტო პოტენციალი. რაც შეეხება დაკავშირებულობის საკითხებს, აუცილებელია უკეთესი კომუნიკაცია დაკავშირებულობის და რეგულაციების მხრივ, რათა „ერთი სარტყელი - ერთ გზის“ ინციიატივის ქვეყნებმა ჰარმოინიულად და სინქრონულად წარმართონ ეკონომიკური განვითარების სტარტეგიები. სინქრონულად განსაზღვრონ თანამშრომლობის დიდი მიმართულებები და ერთობლივად განახორციელონ ფართომასშტაბიანი პროექტები. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩინეთი გააგრძელებს აქტიურად მოწოდებას იმისთვის, რომ ჩინური კომპანიები ჩამოვიდნენ საქართველოში და განახორციელონ ინვესტიციები. ჩვენ ბევრ რამეს გავაკეთებთ ამისთვის“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ტარდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.