05.ივლისი .2022 16:40

ევრო დოლართან მიმართებით მკვეთრად ეცემა - გაუფასურებამ, შესაძლოა, პარიტეტს მიაღწიოს

ევრო დოლართან მიმართებით მკვეთრად ეცემა - გაუფასურებამ, შესაძლოა, პარიტეტს მიაღწიოს
views 2276
უკან

საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე ევროს გაუფასურების ძლიერი ტენდენცია გრძელდება, რომელმაც დღეს ახალ კულმინაციურ წერტილს მიაღწია და ევროს ღირებულება 20-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრამდე 24 საათით ადრე, 23 თებერვალს, ერთი ევროს სანაცვლოდ 1.131 დოლარის შეძენა იყო შესაძლებელი, 5 ივლისს კი ვალუტის გაცვლითი კურსი 1.029 დოლარამდე შემცირდა, რაც ამ პერიოდში ევროს გაუფასურების თითქმის 9%-იანი მაჩვენებელია.

ექსპერტების ვარაუდით, არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, რამდენიმე თვეში ევრო დოლართან მიმართებით პარიტეტს მიაღწევს ანუ ვალუტების ღირებულებები ერთმანეთს გაუთანაბრდება (€1 = $1). საგულისხმოა, რომ მსგავსი რამ 2002 წლის შემდეგ არ მომხდარა.

ევროს გაუფასურების ფონზე, მნიშვნელოვნად მყარდება ამერიკული დოლარის გაცვლითი კურსი, რაზეც DXY ინდექსის ზრდა მიუთითებს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე DXY ინდექსი თითქმის 10%-ით გაიზარდა - აღნიშნული ინდექსი უცხოური ვალუტების კალათასთან მიმართებით ამერიკული დოლარის სიძლიერეს ასახავს, მისი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ დოლარი უცხოურ ვალუტებთან მიმართებით მყარდება, შემცირება - პირიქით.

ევროს გაუფასურება და დოლარის გამყარება რამდენიმე ძირითადი გეოპოლიტიკური, მაკროეკონომიკური და მონეტარული ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, ევროპის რეგიონში ომის დაწყება, გეოპოლიტიკური ვითარების დაძაბვა, ენერგორესურსების მკვეთრი გაძვირება და მიწოდების ჯაჭვების შეფერხება, ცხადია, უაღრესად ნეგატიურად აისახა ევროკავშირისა და ზოგადად რეგიონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე. გარდა ამისა, მსოფლიოში არსებულმა სასურსათო და ენერგეტიკულმა კრიზისმა მნიშვნელოვნად გაზარდა ინფლაციური წნეხი, რის შედეგად ევროზონაში წლიური ინფლაციის დონემ 8.6%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

სავალუტო კურსის ცვლილების მეორე ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი მონეტარულ პოლიტიკას უკავშირდება. ზოგადად, მისი გამკაცრება ანუ ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა დადებითად აისახება ვალუტის სიმყარეზე, შემსუბუქება კი - პირიქით.

ინვესტორთა და ტრეიდერთა ნაწილის შეფასებით, ევროპის ცენტრალური ბანკის ქმედება დაგვიანებულია, რადგან ინფლაცია უკვე გასცდა ზედა ზღვარს და მის მოსათოკად მსუბუქი ინტერვენცია ანუ განაკვეთის მხოლოდ 25 საბაზო პუნქტით ზრდა აღარ იქნება საკმარისი, ზედმეტი გამკაცრების შემთხვევაში კი, ცენტრალური ბანკი ეკონომიკის კრიტიკულად შენელების და რეცესიის განვითარების რისკის წინაშე აღმოჩნდება. მსგავსი დელიკატური ბალანსი და რისკების ზრდა ინვესტორთათვის არამიმზიდველია, რადგან ცენტრალურმა ბანკმა, შესაძლოა, ყველა მოსალოდნელი გარე ფაქტორი წინასწარ ვერ გათვალოს, რაც კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს ევროზონის ეკონომიკურ მდგომარეობას.

ექსპერტთა ნაწილი უკვე მიიჩნევს, რომ წლის ბოლოსთვის ევროზონაში რეცესია გარდაუვალი იქნება. ამ მოსაზრებას იზიარებს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ბანკის Morgan Stanley-ს ანალიტიკური დეპარტამენტიც. მათი შეფასებით, 2022 წლის მეოთხე კვარტლიდან EU-ში რეცესია დაიწყება და, სავარაუდოდ, მშპ-ის შემცირება ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი 2022 წელს რეცესიას არ პროგნოზირებს. ECB-ის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის განცხადებით, ამჟამინდელი მონაცემების გათვალისწინებით, რეცესიის განვითარების რისკები ჯერაც დაბალია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ECB მზად არის, რომ სწრაფად იმოქმედოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.

ECB-ის პროგნოზით, 2022 წელს ევროზონის ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2023 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 2.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება ფასების ზრდის დონეს, ცენტრალური ბანკის ვარაუდით, 2022 წლის ბოლოსთვის ინფლაცია 6.8%-იან ნიშნულამდე შემცირდება, ხოლო 2023 წელს სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 3.5%-ის ფარგლებში იქნება.

ტრეიდერების შეფასებით, გამკაცრების ციკლს ევროპის ცენტრალური ბანკი ივლისიდან დაიწყებს და პირველი ზრდა, სავარაუდოდ, 25-50 საბაზო პუნქტის ფარგლებში იქნება. საერთო ჯამში, წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთის 140-190 საბაზრო პუნქტით ზრდაა ნავარაუდევი.

ECB-ისგან განსხვავებით, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა აქტიურად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. მიმდინარე წელს FED-მა უკვე მიიღო განაკვეთის 150 საბაზო პუნქტით ზრდის გადაწყვეტილება და მაღალია შანსი იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო შეხვედრაზე განაკვეთი დამატებით 75 საბაზო პუნქტით გამკაცრდეს.

ბუნებრივია, მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინვესტორები ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსისთვის პოზიტიურ ფაქტორად იღებენ. დოლარის, როგორც ყველაზე უსაფრთხო და მყარი სარეზერვო ვალუტის ნარატივის გაძლიერება კი, თავის მხრივ, დადებითად აისახება ამერიკული დოლარის კურსზე, როგორც სხვა უცხოურ ვალუტებთან, ასევე ევროსთან მიმართებითაც.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა