მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი 2022 წელს რეგიონებში 100 მლნ ლარზე მეტი ღირებულების პროექტებს დააფინანსებს

62139189a2b99
BM.GE
21.02.22 17:15
1428
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი დღეს კახეთის რეგიონს ეწვივნენ და საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PIRDP) ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები მოინახულეს. ასევე, გაეცნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებს და იმ ინიციატივებს რომლებიც, რეგიონს ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით კეთილდღეობას უზრუნველყოფს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელჩმა ჰარცელმა და მინისტრის მოადგილე გიორგობიანმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საგარეჯოს, გურჯაანის და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პროექტები მოინახულეს, ასევე მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდნენ. გურჯაანის ტექნოპარკში სტუმრობისას, ელჩმა პროგრამის ფარგლებში, კახეთსა და სამ სხვა სამიზნე რეგიონში, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული, ინტეგრირებული განვითარების მიდგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი და მინისტრის მოადგილე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მანავის ციხეს ესტუმრნენ. ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად, მანავის ციხეს ტურისტული პოტენციალიც გააჩნია. ახლადრეაბილიტირებული გზა კი ციხეს და მის მიმდებარე ტერიტორიას, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტებისთვის, მარტივად მისადგომს ხდის, რაც 70-ზე მეტი ადგილობრივი ბიზნესისთვის საქმიანობის ახალ შესაძლებლობას აჩენს, მათ შორის, ტრადიციული საკვებისა და ღვინის გაყიდვის მიმართულებით.

ვიზიტი გაგრძელდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ წნორში, კულტურული და სარეკრეაციო პარკის მონახულებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას ერთ ჰექტარზე მეტი ფართობის ახალი, თანამედროვე სარეკრეაციო სივრცე ექნება - ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცით, ამფითეატრით, შადრევნითა და დეკორატიურლი განათებით. პროექტი დამატებით შესაძლებლობებს გააჩენს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვისაც.

საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის ერთობლივი, რეგიონული განვითარების პროგრამის ნაწილია ჩუმლაყი-ბაკურციხის შემოვლითი გზის მშენებლობაც. ახალი გზა მგზავრობის დროს და მანძილს შეამცირებს, მიმდებარე ტერიტორიებისთვის თბილისის ბაზრებთან წვდომას გაამარტივებს და ადგილობრივი ბიზნესს ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობას მისცემს.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მონახულების შემდეგ, ელჩი ჰარცელი სოფელ ჩუმლაყში ხილის მწარმოებლებს შეხვდა და მათთან ერთად, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი და DCFTA-ს ფარგლებში არსებული შესაძლებლობები განიხილა.

დღის ბოლოს, ელჩმა ჰარცელმა და მინისტრის მოადგილე გიორგობიანმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ შიოშვილთან ერთად ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროგრამის PIRDP-ის ფარგლებში, კახეთის რეგიონში ბიზნესისთვის არსებული ახალი შესაძლებლობები წარადგინეს. „სოფლის განვითარების სააგენტოს“, „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა“ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახლა უკვე სამი სხვადასხვა საგრანტო პროგრამაა ხელმისაწვდომი. 

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის შესახებ:

2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა წარმოადგენს სახელმწიფო პროგრამას, რომელიც ემყარება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკას. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს დაბალანსებულ და მდგრად სოციო-ეკონომიკურ განვითარებას ტერიტორიული განვითარების ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით. პროგრამა მოიცავს საქართველოს ოთხ რეგიონს: კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი. პროგრამის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარს შეადგენს, საიდანაც 186 მილიონი ლარის მოცულობის დაფინანსება უზრუნველყოფილი იქნება ევროკავშირის მიერ.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. გრანტების პირველი ნაწილით, რომლის საერთო ფინანსური მოცულობა 5 მილიონი ლარია, 2020 წლის ივლისში, დაფინანსება დაუმტკიცდა ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის, ცაგერის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 11 პროექტს. 2021 წელს 61 მილიონი ლარის ღირებულების 64 პროექტი დაფინანსდა, ხოლო 2022 წელს, იგეგმება 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტების დაფინანსება. გარდა ამისა, იგეგმება 40 მილიონი ლარის ღირებულების მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების, აგრეთვე ინოვაციების მხარდასაჭერად გრანტების გაცემა.

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ითვალისწინებს bottom up (ქვემოდან-ზემოთ) დეცენტრალიზებულ მიდგომას. მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული საპროექტო იდეა სამხარეო ადმინისტრაციაში წარდგენამდე შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უნდა იყოს დამტკიცებული. პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსება აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობას აძლევს, განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, ძირითადი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება, ადამიანური კაპიტალის, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების გაძლიერება, ინსტიტუტების ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესება და სხვა. ეს ინიციატივები, ევროკავშირის სხვა მიმდინარე სექტორულ პროგრამებთან და პროექტებთან ერთად, ხელს შეუწყობს სამიზნე რეგიონებში ინვესტიციებისა და დასაქმების ზრდას.

საქართველოს რეგიონული განვითარების პოლიტიკა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა.