მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი COVID-პასპორტის შემოღებას ზაფხულისთვის გეგმავს

6038e1347554c
ნათია თაქთაქიშვილი
26.02.21 21:10
963
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი COVID-პასპორტის შემოღებას ზაფხულისთვის გეგმავს. ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ COVID-საშვის შემუშავება უფრო ადრე ვერ მოხერხდება, რადგან ამას მინიმუმ სამი თვე სჭირდება.

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კოვიდ-პასპორტის შემოღებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვთ. მათი აზრი ორად იყოფა.

ინიციატივის მხარდაჭერას არ ჩქარობს გერმანია და საფრანგეთი. პარიზსა და ბერლინში მიიჩნევენ, რომ ასეთი პასპორტების ან სერტიფიკატების შემუშავება ნაადრევია, ვინაიდან მონაცემები ვაქცინების ეფექტურობასთან და ვირუსის შემდგომ გადაცემასთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არასრულია.

აღნიშნულ ქვეყნებს ასევე მიაჩნიათ, რომ მხოლოდ აცრილი პირებისთვის მოგზაურობაზე ნების დართვა იმ დროს, როდესაც ვაქცინაციის პირველ ფაზებში ახალგაზრდები ნაკლებად პრიორიტეტულ სეგმენტად მოიაზრებიან, დისკრიმინაციული იქნება. გერმანია და საფრანგეთი თავშეკავების კიდევ ერთ მიზეზად ვირუსის სწრაფად გავრცელებას, ახალ შტამებსა და შემდგომ მუტაციას ასახელებენ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რამდენიმე წევრი სახელმწიფო, განსაკუთრებით ისინი, რომელთა ეკონომიკაც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, მხარს უჭერს აცრილი მოქალაქეებისთვის მოგზაურობის აღდგენას, მათ შორის არის საბერძნეთი, კვიპროსი, ესპანეთი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ევროკავშირს „მწვანე პასპორტის“ დაუყოვნებელი დანერგვისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, თუ „მწვანე პასპორტი“ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მაშინ ავსტრია თანამოაზრეების მოძებნას, როგორც მეზობელ, ასევე არამეზობელ ქვეყნებთან შეეცდება.