მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი ნახევარგამტარების ინდუსტრიაში $44 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

637e273953f15
გიორგი თოლორდავა
23.11.22 23:20
941
"ციფრული დამოუკიდებლობის" სტრატეგიის ფარგლებში, ნახევარგამტარების ინდუსტრიის განვითარებასა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაზე ევროკავშირი 44 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმას.

აღნიშნული ინვესტიცია უნდა მოხმარდეს როგორც მაღალტექნოლოგიური ჩიპების პროგრამული უზრუნველყოფის დაფინანსებას, ასევე ახალი ქარხანა-საწარმოების მშენებლობას.

ძირითადი სტრატეგიის ფარგლებში, ევროკავშირი გეგმავს, რომ 2030 წლამდე ნახევარგამტარების გლობალური ბაზრის 20% დაიკავოს, რომელსაც ამჟამად თითქმის სრულად აზია აკონტროლებს, კერძოდ, ტაივანი, ჩინეთი და სამხრეთ კორეა.

მართალია, საბოლოო გეგმა და ბიუჯეტი მომავალ წლამდე არ დამტკიცდება, თუმცა ევროკავშირის სტრატეგიის მიმართ ცალსახა დაინტერესებას უკვე გამოხატავენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: Intel-ი და Nvidia.

ზოგადად, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნახევარგამტარების კოლოსალური მნიშვნელობის შესახებ ფართო საზოგადოებამ 2020 წელს, პანდემიის დადგომისთანავე შეიტყო. ლოკდაუნებით გამოწვეულმა ჩიპებისა და ნახევარგამტარების დეფიციტმა მსოფლიოს მასშტაბით მიწოდების ჯაჭვებისა და საწარმოო პროცესების შეფერხება გამოიწვია, ზოგიერთი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრია კი სრულად პარალიზებული აღმოჩნდა.

ნახევარგამტარების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული და მექანიკური მოწყობილობებისა თუ ტექნიკის წარმოება, ეს შეზღუდვა კი არამარტო სამოქალაქო, არამედ სამხედრო სექტორსაც მოიცავს. ნახევარგამტარების გარეშე იმდენად შეუძლებელია iPhone-ისა და ტელევიზორების წარმოება, რამდენადაც Lockheed Martin F35-ის.

ზემოხსენებული ფაქტორებიდან გამომდინარე, ცხადია, ნახევარგამტარებს უდიდესი გეოპოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და თამამად შეგვიძლია, რომ აღნიშნული რესურსი გაზსა და ნავთობსაც კი შევადაროთ, თუმცა წიაღისეული საწვავებისგან განსხვავებით, ნახევარგამტარების ჩანაცვლება ალტერნატიული წყაროებით უბრალოდ შეუძლებელია.

ნახევარგამტარების გლობალური ბაზრის 60%-ს ტაივანური კომპანია TSMC აკონტროლებს, რომელშიც $4.1 მილიარდის ინვესტირების გადაწყვეტილება მიმდინარე თვეს ლეგენდარულმა ამერიკელმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა მიიღო.



"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.