მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი საქართველოს 129 მლნ ევროთი დაეხმარება

5f7326131a3f2
ინგა მურუსიძე
29.09.20 16:26
1031
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში ხელი მოაწერეს 129 მილიონი ევროს მოცულობის საფინანსო შეთანხმებებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, თუმცა დაკონკრეტებული არაა 129 მლნ სრულად სესხია, თუ გრანტსაც მოიცავს. 

გახარია ევროკომისარს ბრიუსელში შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID 19-ის გლობალური პანდემიის გამო შექმნილ გამოწვევებს და ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ხელი მოაწერეს 2 საფინანსო შეთანხმებას, რომელთა საერთო ბიუჯეტი 129 მილიონი ევროა და რომლის მიზანია, კორონავირუსის გავრცელების შედეგად, საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ვიზიტის ფარგლებში „მდგრადობის კონტრაქტისა“ და „ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების“ დოკუმენტების ხელმოწერა თბილისისა და ბრიუსელის განსაკუთრებული პარტნიორობის კიდევ ერთი დადასტურებაა.

ევროკომისარმა ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების, ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ფიზიკური სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების განვითარების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური, არამედ უსაფრთხოების მიმართულებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი ინიციატივების განხორციელებისა და ასოცირებულ პარტნიორებთან მიმართებაში ორმხრივ ურთიერთობებზე მეტი კონცენტრაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანაა.