მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის 12 პირობის შესასრულებლად პარლამენტში 5 სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

62eb95dd775e8
მარიამ ვარადაშვილი
04.08.22 13:46
810
პარლამენტის ურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად 5 სამუშაო ჯგუფი შექმნა. ესენია: „დეოლიგარქიზაციის“ საკითხზე კანონპროექტის შემუშავების, სასამართლო რეფორმის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის, ანტიკორუფციული ღონისძიებების და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერების. კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კომიტეტი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების კუთხით ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადადის.

„პარლამენტის თავმჯდომარის უშუალო ჩართულობით და მისი ხელმძღვანელობით ჩვენ, 12 - პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, ყველა პუნქტთან  დაკავშირებით ჩავატარეთ შეხვედრები, პირველ რიგში, პოლიტიკურ პარტიებთან და ისინი სრულად საქმის კურსში არიან როგორ წარიმართება ეს პროცესი. შესაბამისად, ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში, იქნება ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი, თუ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები, ესწრებოდნენ ამ სამუშაო შეხვედრებს და დღესაც აქ არიან წარმოდგენილნი, რაც მისასალმებელია და სწორია. ჩვენ პირველი პუნქტის შესაბამისად ვმოქმედებთ. დეპოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება არის სწორედ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი კონკრეტულ საკითხზე მუშაობისთვის.

რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, ოპონენტები ვინც  ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, ისინი პირდაპირ ეწინააღმდეგებიან პირველ პუნქტს, რასაც ჰქვია დეპოლარიზაცია, ვინაიდან ალტერნატიული ე.წ.  ჯგუფების შექმნა, რომელსაც არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, სხვა არაფერია თუ არა პოლარიზაცია და ამ პოლარიზაციის გაღრმავება. ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში და ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად ინტენსიურ სამუშაო პროცესზე გადავდივართ“, - აცხადებს ოხანაშვილი.

საპარლამენტო ოპოზიციიდან სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ: „მოქალაქეების“, „ევროპელი სოციალისტების“ და, „გირჩის“ წარმომადგენლები, ასევე, უფრაქციო პარლამენტის წევრები. 

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები,  მათ მიერ გამოთქმული სურვილის შესაბამისად, მონიტორინგს გაუწევენ სამუშაო ჯგუფების საქმიანობას. მისი თქმით, სურვილის შემთხვევაში, პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობა, ასევე, ექნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს.