მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის დახმარება საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულებას უკავშირდება - ანდრიუს კუბილიუსი

5ebc4cd664d4a
თამთა ჯიჯავაძე
13.05.20 23:34
1532
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„მინდა ხაზი გავუსვა იმ უდიდეს მხარდაჭერას, რაც 500 მილიონ ევროს აჭარბებს ევროკავშირისგან და მისი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელიც მიემართება საქართველოს დასახმარებლად რეფორმების განხორციელებისთვის, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისა და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. ამ მხარდაჭერის მთავარი კომპონენტი არის უზრუნველყოფილი იმ ვალდებულებებით, რაც საქართველომ აიღო, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ჩვენ აქ ვართ რომ დავეხმაროთ საქართველოს, რათა ჰქონდეს სასამართლო სისტემის უმაღლესი სტანდარტები და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია საქართველოს და მისი მოსახლეობის დასახმარებლად, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ღია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისაგან“, – წერია განცხადებაში.

მისივე თქმით, 2020 წლის მარტში კრიზისის დაწყებიდან ევროკავშირი საქართველოს გვერდით იდგა და მალევე დაიწყო მისი დახმარება ჯანდაცვის მიმართულებით და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ლიკვიდობის გაზრდის კუთხით.

„სამედიცინო ინვენტარი მოიცავდა სასუნთქ აპარატებს, ლაბორატორიულ ტესტებს, პირბადეებს, დამცავ სათვალეებს, სამედიცინო ტანსაცმელს ვირუსთან ბრძოლისთვის, ასევე დამატებით სამედიცინო და ლაბორატორიის თანამშრომლების ტრენინგებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მიზნობრივი გრანტები დაეხმარება საქართველოს სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოებას და განსაკუთრებით კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულებს, სოციალურ მეწარმეობას, სოციალურ სერვისებს და ადამიანის უფლებების დაცვას“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი განცხადებაში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის კრიზისის მართვაში უპრეცედენტო გამოწვევებს ხედავს, რასაც საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრი ქვეყნების კერძო და საჯარო სექტორებზე უზარმაზარი გავლენა ექნება.

„ევროკავშირის პასუხისმგებლობა იქნება, რომ გააგრძელოს საქართველოს და სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერა, რომელთაც არჩეული აქვთ ევროპაში ინტეგრაციის რეფორმების გზა. ჩვენ უნდა განვიხილავდეთ გრძელვადიან მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან ეკონომიკური აღდგენისა და რეფორმებისთვის, და ჩამოვაყალიბოთ დეტალური ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსთვის, იმავე სახით, რაც წარმოდგენილია დასავლეთ ბალკანეთის რეგიონისთვის“, – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.

ის ასევე იმედოვნებს, რომ ერთ დღეს საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის. „როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, ვფიქრობ საქართველოს ესმის თავისი პასუხისმგებლობები“, – აღნიშნა მან.

„ნდობა შეიძლება მხოლოდ აშენდეს პროგრესის მიღწევით ვალდებულებების და პირობების შესრულების, მათ შორის 2020 წლის 8 მარტს საქართველოში ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის მიერ მიღწეული შეთანხმების შესრულების კუთხით“ , – წერს ის განცხადებაში.