მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩებისგან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები და ტურისტული კავშირები - ნათია თურნავა

5ed6758e470a6
BM.GE
02.06.20 20:00
673
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინიციატივით მოეწყო. ონლაინ კონფერენციაზე ნათია თურნავამ ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასა და მის მიმდინარეობაზე, ასევე სამთავრობო სტრატეგიაზე, რომელიც უკავშირდება პანდემიის გამო შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანას, მათ შორის, ახალ საინვესტიციო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად. აგრეთვე საქართველოს მზადყოფნაზე, პირველი ივლისიდან უმასპინძლოს საერთაშორისო მოგზაურებს და მათ უსაფრთხო დასვენება შესთავაზოს.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 20 სახელმწიფოს ელჩები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

„მე მადლობა გადავუხადე მათ გაწეული მხარდაჭერისთვის როგორც ჩვენი რეფორმების, ასევე პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში საქართველოსთვის აღმოჩენილი დახმარების კუთხით. გავაცანი ევროკავშირის ელჩებს ეკონომიკური სტრატეგია, რომელიც კრიზისის შერბილებისკენაა მიმართული, ასევე ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორ დავუჭერთ მხარს ეკონომიკას პოსტკრიზისულ პერიოდში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ონლაინ კონფერენციის დასრულების შემდეგ. ნათია თურნავას თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაინტერესდნენ საქართველოს მიერ ტურიზმის სექტორის გახსნის თაობაზე.

„ჩვენ გავუზიარეთ მოსაზრებები, რა მოლოდინები გვაქვს, რამდენად მიმზიდველია საქართველო და მზად ვართ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან ევროკავშირიდან ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ვუმასპინძლოთ. ევროკავშირის ელჩებისგან ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია მათი ქვეყნების მზადყოფნის შესახებ და მათი მხრიდან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები, კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის, მათ შორის, განახლდეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ელჩები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ.
NS