მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ხაზს უსვამს აჭარასთან თანამშრომლობას

6484307f6aa0e
BM.GE
10.06.23 12:13
277
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ აჭარაში ვიზიტი დაასრულა, რომლის მიზანი მხარეებს შორის არსებული კავშირების გაძლიერება იყო.

ვიზიტის დღის წესრიგი საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და მოიცავდა შეხვედრებს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან, ასევე ახალგაზრდებთან. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ქედაში ევროკლუბიც გახსნა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებასა და განათლების შესაძლებლობების გაძლიერებაში.

სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ ისეთი სფეროების მხარდაჭერის მზაობას, როგორიცაა ურბანული განვითარება, მდგრადი ტურიზმი, თანამშრომლობა საზღვაო სფეროში, სასამართლოს რეფორმები, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და ახალგაზრდების გაძლიერება.

შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროკავშირის მზაობა, ხელი შეუწყოს სათემო ინიციატივებს, ადგილობრივ მეწარმეობასა და სოფლის მდგრად განვითარებას. ელჩმა ჰერჩინსკიმ ადგილობრივი საწარმოებიც მოინახულა: მათ შორის ნური სირაბიძის ღვინის მარანი ქედაში, რომელმაც დახმარება FAO-ს ინიციატივის ფარგლებში მიიღო; ასევე სასტუმრო-კოტეჯი "ვუდჰაიდი“, რომელიც მაჭახელას ეროვნულ პარკში მდებარეობს და ENPARD-ისა და UNDP-ის პროგრამების დახმარებით მოეწყო. ელჩის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ევროკავშირის ურყევ პოზიციას ეკონომიკური ზრდის, მდგრადი ტურიზმისა და საზოგადოების მხარდაჭერის მიმართ.

ელჩის ვიზიტი სასულიერო პირებთან შეხვედრით დასრულდა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის მზაობა, ხელი შეუწყოს რელიგიურ ტოლერანტობასა და მშვიდობიან თანაარსებობას. აჭარის რეგიონში ელჩი ჰერჩინსკის ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ძლიერი და მზარდი პარტნიორობა. ვიზიტის დროს შემდგარმა დიალოგებმა და დისკუსიებმა ნათლად წარმოაჩინა ევროკავშირის ერთგულება რეგიონში ეკონომიკური ზრდის, სოციალური განვითარებისა და საერთო ღირებულებების მხარდაჭერის მიმართ.