21.ივლისი .2020 21:00

ევროკავშირის ლიდერები ფინანსური დახმარების მორიგ პაკეტზე შეთანხმდნენ

views 361
უკან

ხუთდღიანი დისკუსიის შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნის ლიდერები COVID-19-ის გავლენის შესამსუბუქებლად ფინანსური დახმარების რესურსის ოდენობაზე შეთანხმდნენ. მათი გადაწყვეტილებით აღნიშნული მიმართულებით დაახლოებით 858 მლრდ აშშ დოლარი გამოიყოფა. ამის შესხებ ინფორმაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, თანხა მოხმარდება ბიზნესის გამოცოცხლებას და მის დაცვას პანდემიის გამო გამოწვეული „შესაძლო სამომავლო კრიზისისგან“.

ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ასობით მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი და სესხი.

„ჩვენ მივაღწიეთ, ევროპა ძლიერია და ერთიანი პოზიცია გვაქვს. ეს არის საუკეთესო შეთანხმება და რაც მთავარია, ეს არის გარიგება რაც ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისათვის“, – განაცხადა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. მისი განცხადებით, „ეს ევროპისთვის ისტორიული დღე გახდება“.