მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის მხარდაჭერა სოციალურ საწარმოებს სოციალური ცვლილებებისკენ უბიძგებს

6391b621993ae
BM.GE
08.12.22 13:57
504
პოტერია ერთ-ერთია იმ 150-მდე სოციალურ საწარმოს შორის, რომელიც დღეისათვის საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს. თიხისა და კერამიკისაგან დამზადებული ორიგინალური ნივთების წარმოება-რეალიზაციის გარდა, საწარმოს დამფუძნებლები იმითაც გამოირჩევიან, რომ გადაწყვიტეს, კანონთან კონფლიქტში მყოფ ქალებზე ეზრუნათ. უკვე 4 წელია, სამიზნე ჯგუფებს პოტერია ახალი პროფესიის ათვისებაში ეხმარება და საზოგადოებაში რეინტეგრაციაშიც უწყობს ხელს. ახლა, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოციალური საწარმო ძალადობის მსხვერპლ და კანონთან კონფლიქტში მყოფ ორ ქალს ასაქმებს.

"ჩვენთან, ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსს 10 სხვადასხვა საჭიროების მქონე ქალი, 6 უკრაინიდან დევნილი პირი და 4 სხვადასხვა ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვი გადის. ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) დაფინანსებამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ ეს იდეა არ იყოს უბრალოდ როგორც სოციალური საწარმო და იყოს ბიზნესი", — განმარტავს პოტერიას დირექტორი მედო კევლიშვილი.

სწორედ ევროკავშირის მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ დღეს, ქვეყანაში საკმაოდ ბევრი სოციალური საწარმო ფუნქციონირებს. მათი მთავარი მიზანი კი ისეთი ინიციატივების განხორციელებაა, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების წინაპირობა იქნება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების გადამზადება, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების დასაქმება, განათლების ხელმისაწვდომობა, ქალების გაძლიერება, გარემოსა თუ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა — ეს იმ მისიების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც სოციალური მეწარმეობა მოიცავს.

მართალია, ეს ბიზნეს მოდელი ქვეყანაში ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა, თუმცა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოციალური მეწარმეობა უკვე მრავალ წარმატების ისტორიას აერთიანებს. საწარმოების დიდ ნაწილს მიღებული აქვს ევროკავშირის ფინანსური თუ არაფინანსური დახმარება. ფართოა გეოგრაფიული არეალი და იმ საქმიანობების ჩამონათვალიც, რომლებსაც, სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით, ევროკავშირი უჭერს მხარს. მათ შორის არის საწარმოები, რომლებიც კერამიკისგან, თიხისა თუ ხისგან სხვადასხვა სახის ნივთებს ქმნიან, ეკომეგობრული მოდის ინდუსტრიის განვითარებას უწყობენ ხელს ან ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქტებს აწარმოებენ.

ქვეყანაში სოციალური მეწარმეობის სფეროს განვითარებაზე მორგებული კომპლექსური მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო და სოციალური მეწარმეობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე არაერთ პროგრამაშიც ინტეგრირდა. სწორედ ამ მიმართულების განვითარებას უჭერს მხარს ახალგაზრდების მიმართულებით არსებული პროგრამები (EU4Youth), ასევე, მოწყვლადი ჯგუფების რეინტეგრაცია-რესოციალიზაციისა თუ უნარების განვითარებისა და დასაქმების პროგრამები (Skills4Jobs).

"ევროკავშირი სოციალურ მეწარმეებს ყოველთვის უჭერდა მხარს. ჩვენი სურვილია, საქართველოში ეს მიმართულება არა მხოლოდ სწრაფად განვითარდეს, არამედ ინკლუზიური და მდგრადი იყოს. სოციალური მეწარმეების მიერ გაწეული სამუშაოები ნამდვილად საოცარია. ისინი, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, დაუცველ ჯგუფებთან, უმცირესობებთან მუშაობენ. ევროკავშირი მათ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს", — აღნიშნავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრში მიიჩნევენ, რომ სოციალური მეწარმეობა საზოგადოებაში არსებული გამოწვევების მოსაგვარებლად ერთ- ერთი საუკეთესო მოდელია.

"ამ პროცესებში უმნიშვნელოვანესია ევროკავშირის მხარდაჭერა. 3-წლიანი პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი სექტორის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით უჭერს მხარს. მათ შორის არის, მაგალითად, ფინანსური მხარდაჭერა როგორც დამწყები სოციალური საწარმოებისთვის, ისე უკვე მოქმედი საწარმოებისთვისაც, რათა მათ საქმიანობის გაფართოება შეძლონ. ასევე, მუშაობა მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაზე, რათა სოციალური საწარმოებისთვის უკეთესი ეკოსისტემა შეიქმნას. ხორციელდება ცნობადობის ამაღლების სხვადასხვა ღონისძიებები, საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია ტექნიკური დახმარების მიმართულებითაც. ტარდება ტრენინგები, კონსულტაციები, რომლებიც ხელს უწყობს მათ, რათა თავიანთი ბიზნეს საქმიანობა გააუმჯობესონ", — განმარტავს სოციალური მეწარმეობის პროგრამის კოორდინატორი ეკა დათუაშვილი და აღნიშნავს, რომ სოციალური მეწარმეობის განვითარება, ქვეყანაში პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად, ერთ-ერთი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

მართლაც, სოციალურ საწარმოებს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. მათ მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე ზრუნვა კი არა კონკრეტული ადამიანების ერთჯერად დახმარებას და პრობლემების დროებით გადაჭრას, არამედ არსებული გამოწვევების გლობალურად დანახვას და, მდგრადი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომებით, მათ მოგვარებას გულისხმობს.

ამ მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით, არაერთი ნაბიჯი იდგმება. მაგალითად, სულ ცოტა ხნის წინ, CSRDG-ის ორგანიზებით, თბილისში სოციალური საწარმოების B2B გამოფენა გაიმართა, რომელშიც 47 წარმატებული სოციალური საწარმო მონაწილეობდა და მისი მიზანი ქართულ ორგანიზაციებში პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის დანერგვა იყო.

"B2B გამოფენა საქართველოში მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის უნიკალური შესაძლებლობაა, რომ ძალიან ბევრ ორგანიზაციას, დიპლომატიური კორპუსისა თუ მსხვილი და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის კი ამ ტიპის გამოფენა კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ სოციალურ საწარმოებს გაეცნონ და, პასუხისმგებლიანი შესყიდვების პრაქტიკის მეშვეობით, მათთან თანამშრომლობა გააღრმაონ", — ამბობს CSRDG-ს B2B პარტნიორობის პროექტის მენეჯერი გიგა ჩიტიშვილი და მიიჩნევს, რომ წლევანდელი გამოფენის შედეგად, სოციალური საწარმოები სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების აღმოჩენას და მასშტაბური კონტრაქტების გაფორმებას შეძლებენ, რაც მათ საკუთარი სერვისისა თუ პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარება და საწარმოების მდგრადობას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, ევროკავშირის მხარდაჭერით, რამდენიმე თვის წინ, საქართველოში პირველი გავლენის ფონდი აქციო დაფუძნდა, რომელიც სოციალურ საწარმოებზე მორგებულ ფინანსურ მხარდაჭერას გასცემს და მათი სოციალურ-ეკონომიკური გავლენის მასშტაბების გაზრდას ისახავს მიზნად. შეიქმნა უნიკალური მაღაზია/შოურუმი ესკიც, რომელმაც სოციალური მეწარმეების პროდუქცია ერთ სივრცეში პირველად გააერთიანა.
ამასთან, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2016 წელს სოციალურ საწარმოთა ალიანსი დაფუძნდა, რომელიც ქვეყანაში არსებული სოციალური საწარმოების გაერთიანების საუკეთესო შესაძლებლობაა, მათი საერთო ინტერესების წარმოდგენისა და გაერთიანების მიმართულებით.
ევროკავშირის ფინანსური კონტრიბუციით, CSRDG-მ უკვე 26 სტარტაპისა და მოქმედი საწარმოს მხარდაჭერა შეძლო. პროცესში 850 000 ლარზე მეტი დაფინანსება გაიცა. ამასთან, უკვე არაერთი ბიზნეს კომპანია გარდა სოციალური საწარმოს პრო ბონო კონსულტანტი (ბიზნეს მენტორი), რათა საკუთარი ექსპერტიზის გაზიარებით, მეწარმეებს საქმიანი შეთავაზებების მომზადებაში დაეხმარონ.

ამასთან, ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული სოციალური საწარმოების უმრავლესობა ქვეყანაში ხელშესახები სოციალური ცვლილებების მომტანია — მათი მუშაობის შედეგად, იქმნება სამუშაო ადგილები, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის, იზრდება განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ხელი ეწყობა გარემოს დაცვასა თუ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.