მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ტრანსპორტის კომისია კერძო თვითმფრინავების აკრძალვას გამორიცხავს

647a02b8dd49d
სალომე ხიდურელი
02.06.23 20:58
680
ევროკავშირის ქვეყნები სათბურს აირების ემისიების შემცირებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. გასულ თვეს საფრანგეთში მოკლე მარშრუტიანი შიდა ფრენები აიკრძალა. ბლოკის მასშტაბით საუბარი იყო კერძო თვითმფრინავების აკრძალვის შესახებაც. თუმცა პირველ ივნისს გამართულ შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ეს არ იგეგმება. ამის შესახებ Euronews-ი იტყობინება.

მედიის ცნობით, ავსტრიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების ლიდერობით შექმნილმა კოალიციამ, პირველ ივნისს ევროკავშირის ტრანსპორტის მინისტrების შეხვედრაზე ბიზნეს-ავიაციისათვის მკაცრი წესების განსაზღვრის საკითხი წამოჭრა. თუმცა ტრანსპორტის კომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირს არავითარი სურვილი არ აქვს, მომავალ წელს საკუთარი მანდატის ამოწურვამდე, კერძო თვითმფრინავებს შეზღუდვები დაუწესოს.

კლიმატის აქტივისტები ამ გადაწყვეტილებას “ფუფუნების ემისიების” შემცირების ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად აფასებენ. მწვანე ორგანიზაცია Stay Grounded-ის წარმომადგენლის თქმით, აუცილებელი არ არის, კერძო თვითმფრინავები ევროკავშირის მასშტაბით აიკრძალოს, რადგან ამსტერდამის მაგალითმა აჩვენა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები, შესაძლოა, წარმატებით განხორციელდეს ქვეყნებისა და ცალკეული აეროპორტების დონეზეც.

ცნობილია, რომ ტრანსპორტის საბჭოს შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე ავსტრიის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის კოალიციამ ევროკავშირს საერთო წერილით მიმართეს და კერძო თვითმფრინავების დამაზიანებელ გავლენებზე საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს.

შეგახსენებთ, რომ კერძო თითმფრინავები 14-ჯერ უფრო დამაბინძურებელია გარემოსთვის, ვიდრე კომერციული ფრენები და 50-ჯერ უფრო დამაბინძურებელი - ვიდრე მატარებლები. ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის ზრდის მიუხედავად კი სფერო თვითმარეგულირებელი ვერ გახდა. ევროპაში კერძო თვითმფრინავებით გადაადგილება გასულ წელს 64%-ით გაიზარდა.

სამი ქვეყნის კოალიციას კერძო თვითმფრინავების წინააღმდეგ ბელგია და ირლანდიაც უერთდებიან. ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები კი, მაგალითად, მალტა, აკრძალვის წინააღმდეგი არიან და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე შეზღუდვების შესაძლო გავლენებზე საუბრობენ.