მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირისა და FAO-ს საექსპერტო მხარდაჭერა ქართველ მეღვინეებს

61c43b0fd4545
BM.GE
23.12.21 13:54
539
ღვინის მწარმოებელი ოცი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო კახეთში გამართულ ტრენინგებს, რომლებიც ვაზის ფიტოსანიტარულ საკითხებში ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ექსპერტმა, ხულიო პრიეტომ ჩაატარა. ტრენინგები ევროკავშირის და FAO-ს ორგანიზებით EU4Business პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგები ეხებოდა ვენახის მოვლის სრულ პროცესს და ვაზის წარმოების სრულ ციკლს, ნერგების გაშენებიდან ყურძნის კრეფამდე. სასწავლო სესიები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა სხვადასხვა ტიპის ვენახების ზოგადი მართვა, გასხვლა, ნიადაგის განოყიერება, სარწყავი სისტემების დაგეგმვა, ვაზის ორგანული წარმოება და მავნებლების ინტეგრირებული მართვა.

კახეთის რეგიონში მავნებლებისა და დაავადებების ფართოდ გავრცელების გამო, მევენახეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო მავნებლების მართვის საკითხები, კერძოდ, მავნებელი სახელწოდებით Lobesia botrana(ევროპული ყურძნის ჭია) აღმოჩნდა.
ექსპერტმა განსაკუთრებული ყურადღება მავნებლების კონტროლის ბიოლოგიურ მეთოდზე გაამახვილა, რომლის დროსაც მავნებელების გამრავლების შეფერხება ფერომონების გამოყენებით ხდება. ეს მეთოდი რეგიონში უკვე გამოსცადეს, თუმცა, ტექნიკური ცოდნის ნაკლებობის გამო, სათანადო შედეგი ვერ მიიღეს.

„ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ყურძნის ჭიის პრობლემასთან დაკავშირებით ესპანეთისა და სხვა საერთაშორისო გამოცდილების მოსმენა. ტრენინგები იყო ძალიან ინფორმაციული, ყველაზე გამოცდილმა მევენახეებმაც კი ბევრი რამ ვისწავლეთ. დამწყები მევენახეებისთვის კი ძალზე სასარგებლოა, ვინაიდან მიღებული ცოდნით დასაწყისშივე შეძლებენ მრავალი პრობლემის თავიდან აცილებას“, - განაცხადა ტრენინგის მონაწილე გიორგი რუხაძემ, რომელიც „ჯორჯ გრეის მეღვინეობის“ მფლობელია.

„ჩვენთვის კარგად ცნობილია, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ვაზს საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკურად, ასევე ტრადიციულად. ევროკავშირი და FAO კვლავ მზადყოფნაში არიან დაეხმარონ ქართველ ღვინის მწარმოებლებს, რათა სოფლის მეურნეობის სექტორი გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი, მომგებიანი და მდგრადი ახალი გამოწვევების მიმართ“, - განაცხადა ხავიერ სანს ალვარესმა, ევროკავშირი-FAO-ს პროგრამის კოორდინატორმა.

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში“ 2018 წელს დაიწყო. მას FAO და გაეროს სხვა სააგენტოები (UNDP, IOM, UNIDO) ახორციელებენ. მისი მთავარი მიზანია მეწარმოების და ბიზნესის გაძლიერება საქართველოს მთავრობის და ადგილობრივი უწყებების შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა მათ განავითარონ და აამუშაონ კლასტერები და დაეხმარონ კომპანიებს პირდაპირი სტრატეგიული ინვესტიციებით.