მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირისთვის „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები გაძვირდება

6109760c5c374
BM.GE
04.08.21 00:00
1261
ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, „ფაიზერისა“ და „მოდერნას“, ფასები ძვირდება. მედიის ინფორმაციით, „ფაიზერის“ დოზის ფასი 25%-ით, ხოლო „მოდერნასი“ 10%-ით გაძვირდება.

ახალი შეთანხმების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებლები ევროკავშირს, 2023 წლის ბოლომდე, ვაქცინის 2.1 მილიარდ დოზას მიაწვდიან. ექსპერტების ვარაუდით, კომპანიების მოგება მიმდინარე წელში საგრძნობლად გაიზრდება, რაც მეტწილად კორონავირუსის მესამე, ე.წ. „ბუსტერის“ დოზის მიწოდებაზე გაფორმებული ახალი შეთანხმებების შედეგია.

„ფაიზერი“ ჯერჯერობით ვაქცინის ფასის ზრდაზე კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ხელშეკრულების დეტალები კონფიდენციალურია. სავარაუდოდ, „ფაიზერის“ ვაქცინის დოზის ფასი 15.5 ევროდან 19.5 ევრომდე, ხოლო „მოდერნას“ დოზა 19 ევროდან, 21.5 ევრომდე გაიზრდება.

„ფაიზერი“, ვაქცინის დოზების გაყიდვის ზრდასთან ერთად, 33.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის მოგების მიღებას ვარაუდობს. კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის განცხადებით, დოზების ფასი შესაბამისობაშია ქვეყნების შემოსავალთან და ისინი ყველანაირად ცდილობენ ვაქცინა ხელმისაწვდომი დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვისაც გახადონ.

აღსანიშნავია, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებს ძირითადად მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები უკვეთავენ. შედარებით დაბალი შემოსავლის ქვეყნებში პოპულარობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინა სარგებლობს. მომავალი წლისთვის, „ფაიზერის“ გაყიდვები 56 მილიარდ აშშ დოლარამდე, „მოდერნა“ $30 მილიარდამდე, ხოლო „ასტრაზენეკას“ გაყიდვები $15 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილი, ავსტრიის ხელმძღვანელობით, ორგანიზაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების არასამართლიან გადანაწილებაში ადანაშაულებს. ევროკავშირში აცხადებენ, რომ „ფაიზერის“ გაზრდილი ფასების გადახდაზე შეთანხმება გარანტიაა, რომ ორგანიზაციის წევრი სახელწიფოები აუცილებლად მიიღებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს. გარდა ამისა, ევროკომისიის განცხადებით, „ფაიზერის“ ახალი ფასი შესაბამისობაშია იმ ხელშეკრულებასთან, რომელსაც წლის დასაწყისში 10 მილიონი დოზის წინასწარი მიღებისას მიაღწიეს.