27.ნოემბერი .2020 22:32

ევროკავშირმა საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

ევროკავშირმა საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
views 402
უკან

ევროკავშირი საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესს გასული 21 თვის განმავლობაში სპეციალური პროექტის მეშვეობით აფინანსებდა. EU-ს ინფორმაციით, 26 ნოემბერს პროექტის შედეგების შეჯამებისთვის სპეციალური ღონისძიება გაიმართა. შემაჯამებელ ღონისძიებას რეფორმაში ჩართული მხარეები დაესწრნენ.

თავისმხრივ ბაზრის რეფორმირების პროცესი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სტაბილურობისა და გამჭვირვალობის ზრდას ისახავს მიზნად. რეეფორმების განხორციელების ვალდებულება საქართველომ 2016 წელს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით აიღო.

“პროექტის ფარგლებში ქართველი ექსპერტებისთვის ჩატარდა 35-ზე მეტი სემინარი და ტრენინგი. მათ ასევე მიეცათ შესაძლებლობა უშუალოდ გაცნობოდნენ ევროკავშირის ელექტროენერგიის გადამცემი წამყვანი ოპერატორების გამოცდილებას. გარდა ამისა, პროექტმა უზრუნველყო თანამედროვე მეთოდოლოგიები და საკანონმდებლო დოკუმენტები, რომლებიც შექმნიან საფუძველს ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირებისათვის.

ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოს ენერგეტიკის სფეროს მთავარი დაინტერესებული მხარეებისთვის პროექტის შედეგებისა და მიღწევების გაცნობას, ასევე საქართველოს ენერგეტიკული წრეების და ფართო საზოგადოების ინფორმირება პროექტის მნიშვნელობისა და მომხმარებლებისთვის მისი სარგებლის შესახებ,”- ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა უკვე იყენებს პროექტის მნიშვნელოვან შედეგებს ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების ამაღლების, საქართველოს ელექტროსისტემის ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფისა და მისი საიმედოობის ამაღლების კუთხით, პროცესების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის მიზნით. ამ გზით საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარე ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმირების პროცესში“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრმა.

“ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის გაწეული დახმარება წარმოადგენს ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მოდერნიზაციის მიზნით ჩვენ მიერ უზრუნველყოფილი ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის ნაწილს,“ - განაცხადა ალექსანდრე დარასმა,

ევროკავშირის ინფორმაციით, რეფორმის ძირითადი ამოცანებია:

ა) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება - საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. პროექტმა წარმოადგინა ევროკავშირის გამოცდილების გათვალისწინებით მომზადებული ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩარჩო, რომელიც მოიცავს შესაბამისობისა და რისკების შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიებს, ისევე როგორც მონიტორინგის ეფექტიან სისტემებს, რაც ენერგოსისტემას როგორც ელექტროენერგიაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების, ასევე ენერგეტიკული კრიზისების პრევენციის, მზაობისა და მართვის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, პროექტის მიერ ევროკავშირის უახლეს გამოცდილებაზე დაყრდნობით მომზადებული საექსპლუატაციო და ტექნიკური წესები უზრუნველყოფენ ელექტროსისტემის საიმედო, უსაფრთხო და სანდო მუშაობასა და საქართველოს მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებას.

ბ) ევროკავშირის ქსელის კოდების დანერგვა - პროექტმა საკუთარი წვლილი შეიტანა ევროკავშირის ქსელის კოდების შემუშავებაში, დამტკიცებასა და დანერგვაში, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საქართველოს ელექტროსისტემის ეფექტიანი ფუნქციონირება, განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის ქსელში ჩართვის პროცესის დაჩქარება, საქართველოში კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბება და ევროკავშირის ბაზართან მისი ინტეგრაცია.

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორების ხელშეკრულებები ბაზრის მონაწილეებთან - საქართველოს ელექტროენერგიის ახალი ბაზარი მუშაობას 2021 წლიდან დაიწყებს: წინასწარი, საათობრივი ვაჭრობა და დაბალანსების მექანიზმი დაინერგება ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად. პროექტმა საკუთარი წვლილი შეიტანა ამ პროცესში, შეისწავლა რა ის ხელშეკრულებები, რომლებიც უნდა დაიდოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ბაზრის მონაწილეებს შორის და რომლებმაც უნდა შექმნან ხელსაყრელი პირობები ბაზრის მონაწილეებისა და ინვესტორებისათვის.

დ) სისტემის დაგეგმარება – პროექტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქსელის დაგეგმარების ENTSO-E-ს მოთხოვნების შესაბამისი მოდელის მომზადებასა და დანერგვაში, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საინვესტიციო ხარჯების ოპტიმიზაციასა და საქართველოს ენერგომომარაგების სანდოობის ამაღლებას. გარდა ამისა, პროექტმა უზრუნველყო ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით საჭირო კვლევებთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა