მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა

607a80c8debf2
BM.GE
17.04.21 10:40
852
ევროკავშირმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 30 ავტომობილი გადასცა. ევროკავშირის საქართველოში წარმომადგენლობის განცხადებით, 693,000 ევროს (2,700,000 ლარის) ღირებულების ავტომანქანები კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს უკანონო მიგრაციასა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ბრძოლაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამართულ ღონისძიებაზეე ვროკავშირმა პროექტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად შსს სასაზღვრო პოლიციას 30 მაღალი გამავლობის ავტომანქანა გადასცა. ავტომანქანები წარმოადგენენ უფრო დიდი 40-ერთეულიანი პაკეტის ნაწილს, რომლის დანარჩენი 10-ის გადაცემა 2020 წლის ნოემბერში უკვე განხორციელდა. ეს სატრანსპორტო საშუალებები ხელს შეუწყობს საზღვრებზე უკანონო აქტივობების გამოვლენას და გააძლიერებს მესაზღვრეების პატრულირებისა და რეაგირების შესაძლებლობებს.

IOM-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის თქმით, „დღევანდელი ღონისძიება არის იმ მნიშვნელოვანი შესყიდვების პროცესის გაგრძელება, რომელსაც IOM ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ბოლო 10 წლის მანძილზე ახორციელებს”.

“ევროკავშირი და საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობენ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ევროკავშირის მიერ დღეს გადაცემული ავტომანქანები საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ უფრო ეფექტიანად გაუმკლავდეს უკანონო მიგრაციას და დანაშაულს. აღნიშნული წარმოადგენს ევროკავშირის ფართო მხარდაჭერის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვისა და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

აღნიშნული პროექტი, რომლის ბიუჯეტია 6 მილიონი ევრო (24 მილიონი ლარი), წარმოადგენს უფრო ფართო - ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგრიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (SAFE) პროგრამის ნაწილს. უკანასკნელ წლებში ევროკავშირის მიერ დიდი დახმარება იქნა გაწეული საქართველოსთვის მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში და აღნიშნული საშუალებების გადაცემას ასევე მოჰყვება მნიშვნელოვანი შესყიდვები და სასწავლო აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს საზღვრის დაცვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას.