19.ნოემბერი .2021 21:56

„ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები...“ – 23 ევროპარლამენტარის წერილი

„ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები...“ – 23 ევროპარლამენტარის წერილი
views 1180
უკან

"ევროკავშირმა სერიოზულად უნდა განიხილოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც დასაშვები გახადა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა სააკაშვილის მიმართ“, - ეს ამონარიდია იმ წერილიდან, რომლითაც ევროკავშირის ლიდერებს - ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელსა და ჯოზეფ ბორელს მიხეილ სააკაშვილის მიმართ მთავრობის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით 23-მა ევროპარლამენტარმა მიმართა.

ევროპარლამენტარები წერილში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელისუფლების ქმედებებს მკაცრად აკრიტიკებენ და მოითხოვენ, რომ სააკაშვილმა ადეკვატური მკურნალობა მიიღოს.

ევროპარლამენტარები დეტალურად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რისკებზე, რომლებსაც, მათი აზრით, აძლიერებს ხელისუფლებისა და სხვა პატიმრების მხრიდან არაშესაბამისი მოპყრობა და გამოთქვამენ უკიდურეს შეშფოთებას პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გამო.

წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექიმების დასკვნას, რომლის მიხედვითაც, გლდანის ციხის საავადმყოფოში პატიმრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი ამოცანაა, რადგან საავადმყოფო შესაბამისად აღჭურვილი არ არის.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ „მიუხედავად იმისა, არის თუ არა სააკაშვილი დამნაშავე, მის უფლებებს და ადამიანურ ღირსებას პატივი უნდა სცენ“.

წერილში აღნიშნულია, რომ ექს-პრეზიდენტისთვის შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა „პოლიტიკური მოტივებით“ არის ნაკარნახევი.

„მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ შუალედური ანგარიშით შეაფასა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროკავშირმაც უნდა მიიღოს სასწრაფო ზომები, რადგან სახეზეა გამოუსწორებელი ზიანის საფრთხე. მოვუწოდებთ ევროკავშირს მყისიერი რეაგირებისკენ, რომ ადეკვატურად მოხდეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს ბოლომდე დაცული და ასევე, ევროპარლამენტარებს მიეცეთ მისი საპატიმროში მონახულების შესაძლებლობა“, - წერია 23 ევროპარლამენტარის ერთობლივ წერილში.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას იმ გადაწყვეტილებასაც ახსენებენ, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩასულ ევროპელ პოლიტიკოსებს სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცეს და ამ ფაქტს წერილში ‘შეშფოთების ძლიერ საბაბად“ მოიხსენიებენ.

ერთობლივ წერილზე ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის არიან ანდირუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა და რასა იუკნევიჩიანე, რაფაელ გლუკსმანი.