24.სექტემბერი .2020 17:20

ევროკომისარი: მთავრობებმა უსაფრთხოების ნორმები უნდა დაიცვან, შესაძლოა, ეს ევროპის ბოლო შანსი იყოს

views 459
უკან

ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარი სტელა კირიაკიდესი აცხადებს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მარტთან შედარებით უფრო რთულია, შესაბამისად მთვარობებმა უსაფრთხოების ნორმების გატარებასთან დაკავშირებით ყურადღება არ უნდა მოადუნონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

„ეს შესაძლოა, ევროპის ბოლო შანსი იყოს, აიცილოს ის, რაც გაზაფხულზე მოხდა“, – განაცხადა ევროკომისარმა.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 14 დღეში კორონავირუსის შემთხვევებმა 10 პროცენტით მოიმატა შემდეგ ქვეყნებში – ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი.

ჩეხეთი და ესპანეთი იმ ქვეყნების კატეგორიაში არიან, სადაც ჯანდაცვის სფერო გადატვირთულია და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში ადგილები აღარ ჰყოფნით. ამავე კატეგორიაში არის შეყვანილი ბულგარეთი, ხორვატია, უნგრეთი, მალტა და რუმინეთი.

შედარებით სტაბილურია სიტუაცია ბელგიაში, კვიპროსში, ფინეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ისლანდიაში, იტალიაში, ლატვიაში, ლიხტენშტაინში, პოლონეთსა და შვედეთში.

კირიაკიდესის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში ვირუსის მიმართ იმუნიტეტი ჯერ მოსახლეობის მხოლოდ 15%-ს გამოუმუშავდა.

„შექმნილი ვითარება აჩენს მზარდ საფრთხეს რისკ ჯგუფებში მყოფი მოქალაქეებისთვის და ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებისთვის“, – განაცხადა კირიაკიდესმა.