მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისია საქართველოს 150 მილიონ ევროს გამოუყოფს

5ea05b15ad793
BM.GE
22.04.20 18:55
1358
ევროკომისიამ მიიღო წინადადება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე.

ამ 3-მილიარდიანი პაკეტიდან საქართველო 150 მლნ ევროს მიიღებს.

როგორც ევროკომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, წინადადება, დაფინანსების საჭიროებების წინასწარი შეფასების შემდეგ, ითვალისწინებს, რომ მაკროფინანსური დახმარების თანხები შემდეგნაირად განაწილდება: ალბანეთის რესპუბლიკა (180 მილიონი ევრო), ბოსნია და ჰერცეგოვინა (250 მილიონი ევრო), საქართველო (150 მილიონი ევრო), იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (200 მილიონი ევრო), კოსოვო (100 მილიონი ევრო), მოლდოვას რესპუბლიკა (100 მილიონი ევრო), მონტენეგრო (60 მილიონი ევრო), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (160 მილიონი ევრო), ტუნისის რესპუბლიკა (600 მილიონი ევრო) და უკრაინა (1,2 მილიარდი ევრო).

მათივე ინფორმაციით, მაკროფინანსური დახმარების თანხები 12 თვის განმავლობში ხელმისაწვდომი იქნება სესხების სახით, ძალიან ხელსაყრელი პირობებით, რათა ამ ქვეყნებს დაეხმარონ მათი გადაუდებელი და სასწრაფო საფინანსო საჭიროებების დაფარვაში.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერასთან ერთად, ამ სახსრებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას და სივრცის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების გამოყოფა მოქალაქეების დასაცავად და პანდემიის მძიმე უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად. ეს ინსტრუმენტი ასევე ხელმისაწვდომი იქნება სხვა შესაბამისი ქვეყნებისთვის, რომლებიც საგადამხდელო ბალანსთან დაკავშირებულ სირთულეებს განიცდიან", - წერია პრესრელიზში.