05.ნოემბერი .2019 12:19

„ევროპა ქიშმიშიანი "ბულკია", რომ ქიშმიში ამოვიღოთ და "ბულკი" გადავაგდოთ?“-პროფკავშირები შრომის კოდექსზე

views 374
უკან

საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, აბსოლუტური აბსურდია ის, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საჯარო შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დიმიტრი ცქიტიშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

კითხვაზე - რატომ არ აქვს კანონპროექტს რეგულირების გავლენის შეფასება, რომელიც გაზომავდა კანონის ამოქმედების შემთხვევაში შრომის ბაზარზე არსებულ გავლენას, პეტრიაშვილი ამბობს, რომ RIA პროფკავშორებს აქვს და ძალიან კარგად იციან, რა ცვლილებას რა შეიძლება მოჰყვეს.

პეტრიაშვილის თქმით, „არსებული ინიციატივა ევროპულ კანონმდებლობაზეა მორგებული და თუ ევროპა გვინდა, მაშინ ეს სტანდარტებიც უნდა მივიღოთ“.

„რაც შეეხება RIA-ს ანუ იმის გაზომვას, რა გავლენა ექნება ამ კანონპროექტს ბაზარზე, ეს ზომონ იმ ადამიანებმა, ვინც ახლა ეცნობა შრომით ნორმებს, შრომით ცივილიზებულ სტანდარტებს. პროფკავშირებმა ეს დიდი ხანია იციან და თითოეულ ინიციატივას რა შედეგი მოჰყვება, ზუსტად ვიცით. აბსოლუტური აბსურდია, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის. პირიქით, ჩრდილიდან გამოჰყავს დასაქმება. მეტი სადღა უნდა გაზარდოს? დასაქმების 58%-ია ჩრდილში გადასული. ინივიატივა მინიმალური ხელფასიდან დაწყებული სხვა ინიციატივებით დასრულებული, ბიუჯეტში მეტი თანხის აკუმულირებას მოახდენს, რათა ბიუჯეტს ჰქონდეს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე. რეალურად, ეს ინიციატივები გათეთრებას უწყობს ხელს. აბსოლუტური დეგენერატიზმია, როცა საუბრობენ ტროცკისტობაზე და ბოლშევიზმზე. ეს ხალხი და ეს პოლიტიკური ჯგუფები დეკლარირებულად ევროპასთან დაახლოებაზე არიან ორიენტირებული, მათ მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ევროპული სოციალური ქარტიით რაც არის გათვალისწინებული, იმის ნახევარია აღებული ამ ცვლილებებში. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ამაზე გაგვცენ პასუხი - არ გვინდა ევროპა? თუ ევროპა ქიშმიშიანი "ბულკია"? ქიშმიში ამოვიღოთ და "ბულკი" გადავაგდოთ... ფაქტია, ადამიანები იტანჯებიან გაუსაძლისი მდგომარეობით, არამარტო სიდუხჭირის გამო, არამედ უუფლებობის გამოც ისინი გარბიან ამ ქვეყნიდან.

ეს შრომის კოდექსი გამოასწორებს საკანონმდებლო დონეზე მდგომარეობას. ახლა, როცა კანონმდებლობა არ გივარგა, ბუნებრივია, ვერც ვერაფერზე ვერ გექნება პრეტენზია. აღსრულების ნაწილი კი, პოლიტიკური ნებაა.

მე შემიძლია მინიმალურ ხელფასზეც გითხრათ, თუ რას გამოიწვევს ის. 130 ათას ადამიანს ქვეყანაში დღეს აქვს იმაზე ნაკლები ანაზღაურება, ვიდრე - საარსებო მინიმუმია. ფაქტია, რომ 20 ლარად არავინ არ არის თანახმა, რომ თვის განმავლობაში იმუშაოს. დღეს თვეში დადგენილი ხელფასი ბიზნეს სექტორში არის სწორედ 20 ლარი. 20 ლარად ვერავის დაიქირავებთ. რას ნიშნავს ეს? არის თუ არა ჩრდილში დასაქმება? არსებობენ ადამიანები, ვისაც ოფიციალურად 20 ლარი აქვს ხელფასი, რეალურად კი, გადასახადის გადახდა არ ხდება ბიუჯეტში. შეიძლება რეალური ხელფასი 1000 ლარი იყოს და კონვერტით იღებდეს მას. სახელმწიფოს უმალავდეს გადასახადებს“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შრომითი უფლებების დაცვის ახალი სამართლებრივი და ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას გულისხმობს.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.

ცნობისთვის: ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ასევე „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ და სხვა ასოციაციები შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს არ იწონებენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა