მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპაში ბიოთაფლი 2-ჯერ უფრო ძვირი ღირს” - დონორების დახმარებით რაჭული თაფლის ბიო სერტიფიცირება მოხდება

635af793aef3f
ანუკა ჯოხაძე
28.10.22 10:25
1466
საფრანგეთი, ჩინეთი, საუდის არაბეთი, ყატარი და ამერიკის შეერთებული შტატები - ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ქართულ თაფლზე მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის დახმარებით თაფლის ქართველმა მწარმოებლებმა გლობალურ მსოფლიო გამოფენებში მიიღეს მონაწილეობა.

ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე პროექტ GRETA-ს მეშვეობით თაფლი წარადგინა რაჭაში მოქმედი კომპანია GEO NATURAL-ია.

“საკმაოდ მაღალი დაინტერესება აქვს და ეს გაგრძელდება კიდეც. 2 კონტრაქტი გაფორმდა. იყო ევროპის ქვეყნებიდანაც მოთხოვნა, მათ შორის საფრანგეთიდან, იყო გამოხმაურება ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, ყატარიდან და ამერიკიდან. როცა საერთაშორისო გამოფენაზე მივდივართ, იქ მხოლოდ კომპანიის რეკლამა არ ხდება, იქ პოპულარიზაცია ხდება მთლიანად ქვეყნის.

ბევრს უთქვამს, რომ ჩვენი თაფლი გამოფენაზე ნახა, დააგემოვნა და იქიდან დაგვიკავშირდა”, - ამბობს კომპანია GEO NATURAL-ის თანადამფუძნებელი გიორგი იაშვილი.

კომპანიამ "გრეტას" დახმარებით 2 უცხოელ პარტნიორთან ხელშეკრულება გააფორმა და თაფლი ექსპორტზეც გაიტანა.

“პროექტი GRETA, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ, მხარს უჭერს ბენეფიციარებს, მათ შორის მარკეტინგული კუთხით, რაც საბოლოო ჯამში მეტ გაყიდვებში აისახება.

საერთაშორისო მარკეტინგს კონკრეტული ინსტრუმენტები აქვს, ჩვენ ვცდილობთ გამოიყენოთ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც ჩვენს ხელშია, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ქართული ორგანული პროდუქტი”, - აცხადებს პროექტ GRETA-ს მარკეტინგისა და მონიტორინგის მენეჯერი თათა საყვარელიძე.

თაფლის მწარმოებლების თქმით, ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერის ნაწილში მნიშვნელოვანი როლი აქვს ექსპორტის მენეჯერის ჩართულობას, რომელიც მწარმოებლებს შესაბამისი უცხოელი პარტნიორების მოძიებაში და მათთან კომუნიკაციაში ეხმარება.

GEO NATURAL-მა აქცენტი ბიო წარმოებაზე გააკეთა და ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით პროდუქციის ბიო სერტიფიცირების პროცესები დაიწყო.

კომპანიაში გვიყვებიან, რომ საქართველომ აქცენტი ბიო წარმოებაზე უნდა გააკეთოს, რადგან აქვს რესურსი მოთხოვნილი მოცულობები დააკმაყოფილოს და 2-ჯერ მეტი შემოსავალიც მიიღოს.

“ფასების შედარების დროს აღმოვაჩინეთ, რომ ბიო წარმოების თაფლი 2-ჯერ ძვირი ღირს. ვინაიდან ძირითადი წარმოება რაჭაში გვაქვს და თვითონ რეგიონი არის ეკოლოგიურად სუფთა, ეს შესაძლებლობას გვაძლევს მაღალი ხარისხის თაფლის ვაწარმოოთ.

თუმცა ის თუ სერტიფიცირებული არ იქნება, მას ვერ ჩათვლიან ბიო თაფლად, აქედან გამომდინარე, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გადავწყვიტეთ”, - აცხადებს GEO NATURAL-ის თანადამფუძნებელი გიორგი იაშვილი.

GEO NATURAL პირველ რიგში საფუტკრეების, შემდეგ კი უკვე საწარმოს ბიო სერტიფიცირებას აპირებს. ამის შემდეგ კი ჯამში 500-მდე სკას გააერთიანებს.

პროექტი GRETA, ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რითაც დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ სექტორში ზრდის, როგორიცაა  სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.