მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად ეცემა

63a40bfe9bfc6
გიორგი თოლორდავა
22.12.22 11:52
1218
რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებისა და ცივი ზამთრის მიუხედავად, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად ეცემა - გასულ 24 საათში ევროპული გაზის ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება დამატებით 4%-ით შემცირდა და ამჟამად მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება 94 დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ერთკვირიან ჭრილში ევროპის მასშტაბით გაზი 29%-ითაა გაიაფებული, რაც რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების მიერ მიღწეული შეთანხმებაა, რომელიც გაზზე ფასის ლიმიტის დაწესებას ითვალისწინებს.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მინისტრები ევროპული გაზის ბენჩმარკზე - Dutch TTF-ზე 180-ევროიანი ჭერის დაწესებაზე შეთანხმდნენ, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით 191 დოლარის ეკვივალენტია.

გასათვალისწინებელია, რომ Dutch TTF-ის საშუალო ფასი ათწლიან ჭრილში 10-20 ევროს ფარგლებშია, შესაბამისად, მისი ღირებულება წელს პრაქტიკულად გაათმაგებულია, რაც რუსეთ-უკრაინის ომითაა განპირობებული. მიუხედავად ამჟამინდელი 94-დოლარიანი ფასისა, გასათვალისწინებელია, რომ აგვისტოში ბუნებრივი აირის ღირებულებამ ევროკავშირის მასშტაბით 340 ევროს მიაღწია, რაც Gazprom-ის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ფასის ლიმიტს არა უშუალოდ რუსული წარმოშობის გაზზე, არამედ თავად ევროპულ ბენჩმარკზე აწესებს. კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, ფასის ლიმიტი დროებითია და კრიზისის გადალახვის შემდეგ ის მოიხსნება, ბირჟა კი ისევ დაუბრუნდება საბაზრო პრინციპებს. ფასის ლიმიტის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი-საათი ბუნებრივი აირის 180 ევროზე ძვირად გაყიდვა აიკრძალება, შესაბამისად, ყველა მიმწოდებელი იძულებული იქნება ამ ზღვარს მოერგოს.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ევროკავშირის გადაწყვეტილება წინააღმდეგობაშია საერთაშორისო საბაზრო პრინციპებთან და ნებისმიერი სახის ფასის ლიმიტი, იქნება ეს რუსულ თუ ევროპულ გაზზე - მიუღებელია.