მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად, ორწლიან მინიმუმამდე დაეცა

6465f81b01fac
გიორგი თოლორდავა
18.05.23 14:08
1313
რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელების მიუხედავად, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად ეცემა - ერთთვიან ჭრილში ევროპული გაზის ბენჩმარკის, Dutch TTF-ის ღირებულება დამატებით 23%-ით შემცირდა და ამჟამად მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება 31 ევროს შეადგენს, რაც ორწლიანი მინიმუმია. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზის ფასი თითქმის 65%-ითაა შემცირებული.

ბუნებრივი აირი მკვეთრადაა გაიაფებული ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბითაც, სადაც წლიურ ჭრილში გაიაფების მაჩვენებელი 70%-ს აღწევს.

ანალოგიური ვითარებაა ბრიტანეთის მასშტაბითაც, სადაც ერთ წელიწადში ბუნებრივი აირის ფასი საშუალოდ 60%-ით შემცირდა.

გაზის გაიაფება რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროკავშირის მიერ გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაა. დეკემბერში ევროკავშირი Dutch TTF-ზე 180-ევროიანი ჭერის დაწესებაზე შეთანხმდა. გარდა ამისა, ამოქმედდა სუბსიდირების მექანიზმი, EU-ს მასშტაბით კი სტრატეგიული რეზერვები ფაქტობრივად სრულად შეივსო.

გასათვალისწინებელია შედარებით თბილი ზამთრის ფაქტორიც, 2022 წელს სინოპტიკოსები ევროკავშირის მასშტაბით სუსხიან ამინდს პროგნოზირებდნენ, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა, გაზზე მოთხოვნა კი დაგეგმილზე ნაკლები აღმოჩნდა.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ევროპული სახელმწიფოები, განსაკუთრებით კი გერმანია თხევადი გაზზე ადაპტირდნენ, LNG-ის იმპორტის ზრდა კი ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირებას უწყობს ხელს.