მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში გაზის ფასი 20%-ით დაეცა | მკვეთრი ვარდნის მიზეზები და მოლოდინები

630ca679bc3bc
გიორგი თოლორდავა
29.08.22 15:45
2211
ენერგეტიკულ ბირჟაზე მაღალი ვოლატილობაა, გასულ 24 საათში ევროპული გაზის ბენჩმარკის - Dutch TTF-ის ღირებულება ერთ მეგავატ-საათ ენერგიაზე თითქმის 20%-ით 274 ევრომდე შემცირდა.

ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრი ვარდნა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. ექსპერტების შეფასებით, მსგავსი მასშტაბის კორექცია მოსალოდნელი იყო, რადგან ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფასები მკვეთრად გაიზარდა, შესაბამისად, ბირჟაზე ტრეიდერებს გაუჩნდათ სურვილი მოგება გაენაღდებინათ, რამაც ფასის დინამიკა მოკლევადიან პერსპექტივაში აღმასვლიდან დაღმასვლისკენ მიმართა. ხაზგასასმელია, რომ ენერგობირჟა ტრადიციულად მაღალი მერყეობით გამოირჩევა, მსგავსი კორექციები კი ბირჟაზე იშვიათი სულაც არ არის.

მეორე ფაქტორი გერმანიას უკავშირდება. ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ბუნებრივი აირის რეზერვების 85% ოქტომბრისთვის შევსებული იქნება, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ გერმანია ზამთრისთვის სათანადოდ იქნება მომზადებული, მიუხედავად რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი რისკებისა.

მესამე ფაქტორად Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები დაბალ ლიკვიდურობას ასახელებენ. ზოგადად, რესურსის შედარებით დაბალი მოცულობით ვაჭრობის შემთხვევაში, მაღალია რყევები და ფასის მკვეთრი ცვლილებები. ბოლო პერიოდში კი Dutch TTF-თან მიმართებით ლიკვიდურობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ მოცემული ფაქტორები გავლენას მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაზე ახდენენ და მათი ეფექტიც ბუნებრივი აირის ფასზე დროში შეზღუდულია.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ერთწლიან პერიოდში ევროპაში გაზის ფასი თითქმის 450%-ითაა გაზრდილი, რაც იმის მკაფიო მანიშნებელია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, Gazprom-იდან მომავალი საფრთხე კი ტრეიდერებს აძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მომავალი ზამთრის პერიოდში გაზის ფასი კიდევ უფრო მეტად, ახალ რეკორდულ ნიშნულამდეც გაიზარდოს.