მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში მალფუჭებადი პროდუქციის ექსპორტი მანძილის გამო რთულია - GeorgianBlue

647f1f224f915
ლიკა გურაბანიძე
06.06.23 16:20
1138
ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანია GeorgianBlue-ს ფინანსური დირექტორი თათა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარე წელს მოსავლიანობის დაახლოებით 20%-ით ზრდას გეგმავენ. მისივე თქმით, გასულ წელს GeorgianBlue-მ 120 ტონა ლურჯი მოცვის მოსავალი მიიღო, ხოლო წელს 150 ტონამდე ლურჯი მოცვის მიღებას ელოდებიან. მოყვანილი მოცვის უმეტესი ნაწილი ექსპორტზე გავა. საექსპორტო ბაზრები კი, რუსეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ევროპა იქნება. თუმცა, თათა გაფრინდაშვილის თქმით, ევროპის ბაზარზე პროდუქციის ექსპორტირება შორი მანძილის დროს და მალფუჭებადი პროდუქციის შემთხვევაში რთულია.

"მაგალითი რომ მოვიყვანო, თუ ევროპაში სახმელეთო ტრანსპორტირებას დაახლოებით 12 დღემდე სჭირდება, რუსეთის ბაზარზე პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის 5 დღეა საკმარისი. არსებული სატრანსპორტო კომპანიების უმეტესობას არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მოცვი ევროპაში პირვანდელი მდგომარეობით ჩავიტანოთ. რაც შეეხება თვითმფრინავს, ეს საკმაოდ ძვირი ჯდება.” - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

რაც შეეხება წლევანდელ ფასებს, GeorgianBlue-ს ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ რთულია, რადგან მოსავლის აღება ახლა დაიწყო, ხოლო როდესაც მოცვის აღება შუა ფაზაში შევა, მისი გასაყიდი ღირებულების თქმაც შესაძლებელი გახდება.

შეგახსენებთ, საქართველოში მოცვის მოსავლის აღება ივნისიდან იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 26.17 ტონა (355.35 აშშ დოლარი) მოცვი გავიდა, ამ რიცხვმა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 11.06 ტონა (130.74 აშშ დოლარი) შეადგინა.