მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ანტიდემპინგურ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

5ed9fdb17af39
დავით ჯალაღონია
05.06.20 12:07
1075
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გააცნო.

კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა ანტიდემპინგური იმპორტისგან.

„ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პირობებში, შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. დემპინგის შედეგად იმპორტირებული პროდუქტის შეუსაბამოდ დაბალი ფასები ვნებს ადგილობრივ ინდუსტრიას, რომელიც ჩვეულებრივ, ვეღარ ახერხებს დემპინგით დაკავებული კომპანიისთვის კონკურენციის გაწევას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამასთან, როგორც გენადი არველაძემ განმარტა, დოკუმენტის გადამუშავებულ ვერსიაში შეიძლება შეიცვალოს ის ვადა, რაც კონკურენციის სააგენტოს ამა თუ იმ პროდუქციაზე დემპინგის დასადგენად მოკვლევისთვის სჭირდება. ამ ეტაპზე მოკვლვისთვის 12-თვიანი ვადაა განსაზღვრული, თუმცა შესაძლოა ეს 18 თვემდე გაიზარდოს.

ეს კანონი კონკურენციის სააგენტომ უნდა აღასრულოს, რისთვისაც ამ უწყებაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უნდა შექმნას, ეს კი ბიუჯეტს გარკვეული თანხა დაუჯდება და რამდენი - ჯერ კანონპროექტში არ წერია.

რას გააკეთებს სააგენტო? - პირველ რიგში, უწყება შეისწავლის ცალკეულ პროდუქტზე, არის თუ არა დემპინგური ფასი, ამ დემპინგურ ზღვარსაც კანონი განსაზღვრავს, რომლის შემდეგ კონკურენციის სააგენტო მთავრობას მიმართავს ან წინასწარი, ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებისთვის.

წინასწარი ტარიფი 6 თვით შეიძლება დაწესდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ მოკვლევის დასრულებამდე ადგილობრივი პროდუქცია, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან იჩაგრება. სპეციალური ტარიფი კი უკვე, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, შესწავლის დასრულების შემდეგ დადგინდება მისთვის, ვინც ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას.

"მუხლი 18. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება:

საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე შესწავლის ობიექტის თითოეულ ექსპორტიორზე, ან საქონლის მწარმოებელზე სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს შემოიღებს ინდივიდუალურად არადისკრიმინაციულობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დემპინგურ ზღვარს.

შესწავლის ორგანო ადგენს, არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე ნაკლები ტარიფი საკმარისი ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში თუ, შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე ნაკლები სატარიფო განაკვეთი საკმარისია ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ამ განაკვეთს.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი ინტერესები“, – წერია კანონპროექტში.