მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება: ასეთ ვითარებაში ინვესტიციების მოლოდინი არ უნდა გქონდეთ

5dcfb6b5d4e50
BM.GE
16.11.19 14:10
1215
საქართველოს არ აქვს კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანაში განახლებადი ენერგიების ათვისებას წაახალისებს – ამის შეახებ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორმა იანეზ კოპაჩიმ ჟურნალისტებს, ენერგეტიკაში შემცირებული ინვესტიციების მიზეზებზე საუბრისას განუცხადა.

"საქართველოს ენერგორესურსები ძირითადად განახლებადი ენერგიისგან შედგება, თუმცა ქვეყანას არ აქვს კანონმდებლობა, რომელიც ამ მიმართულებით ინვესტიციების წახალისებას მოახდენდა. თუ არ გექნათ სტიმულები, მაშინ თქვენ არც უნდა ელოდოთ ინვესტიციებს ამ მიმართულებით.

ინვესტიციებთან მიმართებით, მეორე მხრივაც არსებობს პრობლემა - თქვენი ენერგობაზარი არ არის სათანადოდ ღია, შესაბამისად, საბაზრო სტიმულებიც არ გაქვთ ამ მიმართულებით. ასეთ ვითარებაში კი ინვესტიციების მოლოდინი არ უნდა გქონდეთ", – განაცხადა კოპაჩიმ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ამ სექტორში თითქმის 57%-ით შემცირდა, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კი - 37%-ით.

რაც შეეხება "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონპროექტს, სადაც ინვესტორებისთვის სხვადასხვა წამახალისებელი მექანიზმები უნდა იყოს გაწერილი, ის პარლამენტში ჯერ მეორე მოსმენით განხილვის ეტაპზეა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების მიხედვით, გასულ წელს უნდა დამტკიცებულიყო.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთების შესახებ ოქმით (2016 წლის 14 ოქტომბერი) გაწერილი ვალდებულებების შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირის სამართლებრივ ნორმებთან ჰარმონიზაციის მიზნით, ენერგეტიკის სექტორში რიგ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. აღნიშნული პროცესი ისეთ საკითხებ მოიცავს, როგორიცაა ლიბერალიზებული ენერგეტიკული ბაზრის შექმნა, მიწოდების უსაფრთხოების ამაღლება, ენერგოეფექტურობის განვითარება, განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშეწყობა და ენერგეტიკული სტატისტიკის ნორმების გაუმჯობესება და სხვა.