მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ქალაქები, სადაც ჰაერი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული

62c86e77cf54e
BM.GE
08.07.22 23:00
4528
გასულ თვეში, სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ჰაერის დაბინძურების დონე გაიზარდა. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კომპანია Airly-ის თანახმად, განსაკუთრებით ცუდი ვითარება სამხრეთ ესპანეთისა და იტალიის დიდ ქალაქებშია.

ზაფხულის სეზონზე ყველაზე დიდი პრობლემა აზოტის ოქსიდის მაღალი კონცენტრაციაა, რაც ამ ადგილებში ტრანსპორტის გაზრდილი მოძრაობითაა განპირობებული. Airly-ის CEO-ს განცხადებით, საზღვაო ზოლის ბევრ ქალაქს შორის ყველაზე მეტად დაბინძურებული ესპანეთის სანაპიროა, მათ შორის მურსიის, ბარსელონასა და მალაგას რეგიონები. თუმცა არანაკლებად დაბინძურებულია ჰაერი იტალიის პულიას, მარკესა და ნესებურის (ბულგარეთი) შავი ზღვის სანაპიროების ტერიტორიაზე.

ამის მიზეზი შესაძლოა ტემპერატურის მკვეთრი მატება იყოს, რაც განსაკუთრებით 2022 წლის ივნისის მეორე ნახევარში დაფიქსირდა. Airly-ის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ზემოქმედება პირდაპირ კავშირშია ადამიანების ჯანმრთელობასთან. ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა სახის რისკებს აჩენს. მათ შორისაა რესპირატორული ინფექციები, ფილტვის კიბო და სხვა სახის დაავადებები.

Airly ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ბარსელონასა და მილანთან ერთად, ათენსაც ასახელებს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მიმდინარე ზაფხულში, დამსვენებლებს ამ ქალაქებში სტუმრობისგან თავის შეკავებისკენაც მოუწოდებს.

მიუხედავად ამისა, სიტუაცია არცთუ ისე მძიმეა. Airly-ის კვლევამ ევროპაში ის ლოკაციებიც წარმოადგინა, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე ყოველდღიურ რეკომენდებულ დონეზე დაბალია. ასეთია მაგალითად ალპები, რომელიც Airly-ის უსაფრთხო საზღვრებში აღმოჩნდა, სწორედ სუფთა ჰაერის დამსახურებით. ბალტიის სანაპიროებზე კი ჰაერის საუკეთესო ხარისხით პოლონეთისა და გერმანიის ქალაქები, ასევე დიდი ბრიტანეთის სამხრეთი სანაპიროს საუთჰემპტონი გამოირჩევა.

საკმაოდ კარგი შედეგები დაფიქსირდა იტალიის ჩრდილოეთ სანაპიროზე, სლოვენიაში, საბერძნეთსა და შავი ზღვის აუზში. თუმცა, ამ უკანასკნელის შემთხვევაში ბულგარეთი გამონაკლისია. Airly, მიმდინარე წელს უსაფრთხო ზაფხულის გასატარებლად, სწორედ ამ მიმართულებებს უწევს რეკომენდაციას.

Forbes.ge