მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპული ვალუტები მყარდება, რუბლი გაუფასურდა - სავალუტო მიმოხილვა (25.11 – 02.12)

638b2e3f2fcf7
ეგნატე შამუგია
05.12.22 08:00
5525
ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ბლუმბერგის პლატფორმაზე ვაჭრობა 1 დოლარის 2.699 ლარის ღირებულებით დასრულდა, რაც სავაჭრო კვირის დაწყებამდე 2.700-ს შეადგენდა. ეს კი დოლართან მიმართებით ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის 0.03%-იანი გამყარებაა, რაც მიმდინარე წლის 47-ე სავაჭრო კვირას 0.36% იყო. ამდენად, მეორე კვირაა ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი არსებითად არ შეცვლილა. ამ ფონზე, წლის დასაწყისიდან დღემდე ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით 12.59%-ითაა გამყარებული. სექტემბერში ლარის კურსი 2.25%-ით იყო გამყარებული, ხოლო ოქტომბერში კი - 2.16%-ით. გასულ თვეს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 1.79%-ით გამყარდა.
 
გასულ კვირას განსხვავებული სურათია სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ სხვა ვალუტებთან. ამ პერიოდში უმეტესი შერჩეული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით გამყარებულია, თუმცა არსებობს გამონაკლისები. ასეთია რუსული რუბლი და თურქული ლირა. ეს უკანასკნელი ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას 0.21%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას გაცილებით ნაკლები, 0.06% იყო. წლის დასაწყისიდან დღემდე, თურქული ვალუტა შერჩეულთა შორის ყველაზე მეტით, 41.98%-ით არის გაუფასურებული. რაც შეეხება რუსულ რუბლს, ამ პერიოდში რუბლი 16.78%-ით არის გამყარებული. თუმცა, გასულ კვირას რუბლის ნომინალური გაცვლითი კურსი, დოლართან მიმართებით, 2.62%-ით არის გაუფასურებული.

ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას გამყარებით იაპონური და ჩინური ვალუტები გამოირჩეოდა. ასევე, მაღალი გამყარება ევროპულ ვალუტებსაც ახასიათებდა. გასულ კვირას იაპონური იენის ნომინალური გაცვლითი კურსი 3.51%-ით გამყარდა, რაც ჩინური იუანის შემთხვევაში 1.56%-ია. წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩინური ვალუტა, დოლართან მიმართებით, 10.97%-ით არის გაუფასურებული, ხოლო იენის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 16.47%-ია. გასულ კვირას ბრიტანული სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსი 1.54%-ით გამყარდა, რაც წინა კვირასაც 1.56%-ით იყო გამყარებული. ამ პერიოდში, ევროს გამყარება 0.73%-ს აღწევდა, რაც გასულ კვირას უფრო მეტი, 1.33%-ია. ამდენად, ბოლო პერიოდში ევროპულ ვალუტებს დოლართან მიმართებით გამოკვეთილი გამყარების ტენდენცია გააჩნია.

ფიგურა 1: აშშ დოლართან მიმართებით გაცვლითი კურსის ცვლილება, 25.11 – 02.12 (%)
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

2021 წლის 30 სექტემბრის შემდეგ ეროვნულ ბანკს ბაზარზე დიდი ხნით თავს იკავებდა. მიმდინარე წელს პირველი ინტერვენცია 09 მარტს განახორციელა. კერძოდ, სავალუტო ბაზარზე 50.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, სადაც 39.6 მლნ დოლარი გაიყიდა. სებ-ის ხანგრძლივი თავშეკავება მაისის ბოლო სავაჭრო კვირის სამშაბათს დაირღვა, როცა ბაზარზე 10.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. აგვისტოს პირველ სავაჭრო კვირას ასეთი ინტერვენცია ორი იყო. ჯერ კიდევ ორშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით 10.0 მლნ დოლარი იყიდა, ხოლო პარასკევს ორჯერ უფრო მეტი - 20.0 მლნ დოლარი. აგვისტოს მეორე სავაჭრო კვირის ოთხშაბათს ეროვნულმა ბანკმა აუქციონის საშუალებით კვლავ 40.0 მლნ აშშ დოლარი იყიდა. უკვე მომდევნო კვირას ტრადიციული სავალუტო აუქციონების გზით სებ-ის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა და ბაზარზე 20.0 მლნ დოლარი გასაყიდად გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 8.3 მლნ დოლარი გაიყიდა. მორიგი ასეთი ინტერვენცია სებ-ის მიერ 31 აგვისტოს განხორციელდა, სადაც ამჯერად გაორმაგებული მოცულობით, ბაზარზე 40.0 მლნ დოლარი გაიტანა, სადაც 32.3 მლნ აშშ დოლარი გაიყიდა. ტრადიციული ინსტრუმენტით - აუქციონის საშუალებით სებ-ის ბოლო ინტერვენცია 20 სექტემბერს იყო, როცა ბაზარზე გასაყიდად 20.0 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, მაგრამ მხოლოდ 13.6 მლნ დოლარი გაიყიდა.

გარდა ამისა, ცენტრალური ბანკის ბაზარზე აქტიურად ერევე Bmatch-ს საშუალებით, მაგრამ აღნიშნულზე ინფორმაცია პროაქტიულად და სრულყოფილად ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. ბოლო მონაცემებით, აგვისტოში სებ-ის მიერ აუქციონის გარეშე წმინდა შესყიდვებმა 63.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ უცნობია ამ პერიოდში რამდენი გაყიდა და რამდენი იყიდა. სექტემბერში ასეთი 42.7 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო ოქტომბერში კი - 99.4 მლნ აშშ დოლარი.

ფიგურა 2: 21.11 – 25.11-ს სავაჭრო კვირის საშუალო ნომინალური გაცვლითი კურსი და მერყეობა
წყარო: Bloomberg; ავტორის გამოთვლები

ბრიტანული სტერლინგი გამყარებასთან ერთად, კვლავ მაღალ მერყეობას ინარჩუნებს. ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას სტერლინგის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.28%-ით იხრებოდა, რაც მეორე კვირას 1.26% იყო. ნოემბრის მესამე კვირას ბრიტანული სტერლინგის მერყეობამ 0.55% შეადგინა, ხოლო უკვე მეოთხე კვირას ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.08%-ით იხრებოდა.

ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ბრიტანული სტერლინგის ნომინალური გაცვლითი კურსის მერყეობა 1.29% იყო, მაგრამ ამ პერიოდში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი არ არის. გასულ კვირას იაპონური იენის ყოველდღიური ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 1.53%-ით იხრებოდა, რაც შერჩეულ ვალუტებს შორის ყველაზე მაღალი ნიშნულია. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში იაპონური ვალუტა ყველაზე მეტით, 3.51%-ით არის გამყარებული. ამ პერიოდში ყველა ის ვალუტა, რომელიც მაღალი ნიშნულით გამყარდა, მაღალი მერყეობით ხასიათდებოდა. ასეთი სურათია ევროს შემთხვევაში. კვირის მანძილზე ევროპული ვალუტის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოსთან მიმართებით 0.93%-ით იხრებოდა. რაც შეეხება დაბალ მერყეობას, ამ კუთხით გამორჩეული თურქული ლირაა, რადგან ამ უკანასკნელის ნომინალური გაცვლითი კურსი მხოლოდ 0.05%-ით იხრებოდა, რაც ლარის შემთხვევაში 0.18%-ია. წინა კვირას ლარის მერყეობა 0.20% იყო.

ფიგურა 3: ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსის ცვლილება, 17:00 -ზე, 25.11/02.12(%)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი; ავტორის გამოთვლები

ნოემბრის პირველ სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი სავაჭრო კალათის მიხედვით შერჩეულ ყველა ვალუტასთან მიმართებით გამყარებული იყო. უკვე მეორე სავაჭრო კვირას მდგომარეობა შეიცვალა. ლარი ხუთ ვალუტასთან გაუფასურდა, ხოლო დანარჩენ ხუთთან კი - გამყარდა. ამ პერიოდში ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი საშუალოდ 0.83% გამყარდა, მაგრამ გაუფასურების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 3.16% იყო. ნოემბრის მესამე სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტეს შერჩეულ ვალუტასთან გაუფასურებული იყო, ხოლო მეოთხე კვირას კი - უმეტესთან გამყარებული.

ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი უმეტესთან გამყარდა. კვირის მანძილზე ლარი ყველაზე მეტით, 2.35%-ით რუბლთან მიმართებით გამყარდა. დანარჩენ ხუთ ვალუტასთან მიმართებით ლარის გამყარებამ საშუალოდ 0.10%-ით გამყარდა. ამ პერიოდში ლარი შერჩეულ ვალუტებს შორის დანარჩენ ოთხთან გაუფასურებულია. ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი ნომინალური გაცვლითი კურსი ყველაზე მეტით, 3.70%-ით იაპონურ იენთან მიმართებით გაუფასურდა, რაც თავის მხრივ, დოლართან მიმართებით 3.51%-ით იყო გამყარებული. ლარი იენის შემდეგ, 1.88%-ით ჩინურ იენთან გაუფასურდა. წინა კვირას კი ლარი იენთან მიმართებით 11.05%-ით იყო გამყარებული. გასულ კვირას ლარი არსებითად ევროპულ ვალუტებთანაც გაუფასურდა. ლარის ბრიტანულ სტერლინგთან 1.03%-ით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან კი - 0.87%-ით.

ფიგურა 4: ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი და ცვლილება (ზრდა - გამყარება; კლება - გაუფასურება)
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ღია ეკონომიკის პირობებში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებას გავლენა აქვს საგარეო ვაჭრობის ბრუნვაზე. კერძოდ, გაუფასურების შემთხვევაში დადებითად აისახება ექსპორტზე [ზრდა], ხოლო უარყოფითი კი - იმპორტზე [შემცირება], რადგან ამ დროს იმპორტი ძვირდება, ხოლო ექსპორტი ამ ქვეყნიდან იმპორტის განმახორციელებელი ეკონომიკებისთვის იაფდება [ადგილობრივ ფასების დონის გათვალისწინებით]. აღნიშნულს კი ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ასახავს, რაც სავაჭრო ბრუნვაში ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების წილის მიხედვით, მათ ვალუტებთან ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის საშუალო შეწონილი მაჩვენებელია.

ვინაიდან, შერჩეული ვალუტები საგარეო ვაჭრობის კალათის თვალსაჩინო ფულის ერთეულებია, მათ მიმართ ლარის კურსის ცვლილება სრულად აისახება ნომინალური ეფექტური კურსის ინდექსზე. მართალია, ნოემბერ-დეკემბრის საზიარო სავაჭრო კვირას ლარის საშუალო შეწონილი გაცვლითი კურსი უმეტეს ვალუტასთან გამყარდა, მაგრამ გაუფასურების ნიშნულები უფრო მაღალი იყო. შედეგად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი ინდექსი გაუფასურდა. გასულ კვირას აღნიშნული ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 0.05%-ით გაუფასურდა, რაც წინა კვირას 0.42%-ით იყო გამყარებული. წლის დასაწყისიდან დღემდე ეფექტური გაცვლითი კურსი 23.08%-ითაა გამყარებული, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გამყარება 23.71%-ია.

ნოემბრის მეოთხე სავაჭრო კვირის მანძილზე ყოველდღიური ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი საშუალოდ 161.0-იან ნიშნულზე იყო, რომლის მერყეობა 0.08%-ს შეადგენს. ეს კი წინა პერიოდთან შედარებით სტაბილურობას ასახავს, რადგან წლის 47-ე სავაჭრო კვირას ნომინალური ეფექტური კურსის მერყეობა 0.11% იყო. თავის მხრივ, აღნიშნული ინდექსის სტაბილურობა მნიშვნელოვანია საგარეო ვაჭრობაში ჩართული სუბიექტებისთვის. ნომინალური ეფექტური კურსის ცვლილება მოქმედებს როგორც ექსპორტზე, ასევე იმპორტზე და შესაბამისად, ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება (გაუფასურება) აისახება იმპორტირებული საქონელი და მომსახურების ლარში გამოხატული ფასის კლებაში (მატებაში).

აგრეთვე, გასულ კვირას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეფექტური გაცვლითი კურსის ინდექსი 24.12%-ითაა გამყარებული, რაც წინა კვირის შემთხვევაში 26.33% იყო. საბოლოოდ, მიმდინარე წლის 48-ე სავაჭრო კვირას ლარის ეფექტური ნომინალური გაცვლითი კურსის წინა პერიოდთან შედარებით გაუფასურება, ამავე პერიოდის იმპორტის კლებაზე იმოქმედებს, რადგან ასეთ დროს იმპორტირებული საქონელი და მომსახურება ძვირდება, ხოლო ექსპორტზე კი, პირიქით. აღნიშნული ნიშნავს, რომ საქართველოდან იმპორტიორი ქვეყნებისთვის საქონელი და მომსახურებას იაფდება.