29.სექტემბერი .2022 17:01

ევროს შემოღების შემდეგ პირველად, გერმანიაში ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა

ევროს შემოღების შემდეგ პირველად, გერმანიაში ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდა
views 818
უკან

რუსეთ-უკრაინის ომისა და გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე გერმანიის ეკონომიკა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - ევროს შემოღების შემდეგ პირველად, ქვეყანაში ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი დაფიქსირდა. გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სააგენტოს დათვლებით, სექტემბერში, წლიდან წლამდე, სამომხმარებლო კალათის ფასებმა 10.9%-ით იმატა, რაც მკვეთრი ნამატია აგვისტოში დაფიქსირებულ 8.8%-იან ზრდასთან შედარებით. 


ფოტო: გერმანიის ინფლაციური დინამიკა (2012 - 2022) | წყარო: გერმანიის სტატისტიკის ფედერალური სააგენტო; Bloomberg

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და საწვავზე საზაფხულოდ დაწესებული ფასდაკლებების ამოწურვის შემდეგ, გერმანიაში ინფლაციის ზრდა მოსალოდნელი იყო, მაგრამ შემაშფოთებელია ინფლაციის ზრდის მაჩვენებელი. ცნობისთვის გეტყვით, რომ Bloomberg-ის ეკონომისტები გერმანიაში ინფლაციის 10.2%-მდე ზრდას პროგნოზირებდნენ.

ამასთანავე, ეს დიდი თავის ტკივილი იქნება ევროპის ცენტრალური ბანკისთვისაც, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს მანდატს, ევროზონაში ინფლაციის კონტროლი წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი, მსგავსად აშშ-ის ფედერალური რეზერვისა, რეფინანსირების განაკვეთს კვლავ არაერთგზის გაამკაცრებს და თან, თითოეულ ჯერ სულ მცირე 75 საპროცენტო პუნქტით. ამ მიდგომაზე მიუთითებს ECB-ის ვიცე-პრეზიდენტის, ლუის დე გინდოსის განცხადება, რომლის თანახმად ევროპის ცენტრალური ბანკი გააკეთებს „ყველაფერს, რაც საჭირო იქნება ინფლაციის შესაკავებლად“.

ამასთანავე, ინფლაციას ებრძვიან გერმანიის შიგნითაც. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გაზზე ფასის ზედა ზღვარს დააწესებს, რისთვისაც, Bloomberg-ის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლება, სულ მცირე €150 მილიონის მოცულობის საგარეო ვალის აღებას აპირებს.