მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. 25-იანების საბაგიროზე რუბლის გამოყენების ფაქტზე სუს-მა შესაბამისი პროცედურები დაიწყო - IPN

5e162e58bdd66
BM.GE
08.01.20 23:25
1128
ბაკურიანში, ე.წ. 25-იანების საბაგიროზე საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი რუბლის გამოყენების ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ იტყობინება. როგორც სააგენტო წერს, მათ სუს-ში განუმარტეს, რომ სუს-ის თავმჯდომარეობით მოქმედმა კომისიამ შესაბამისი პროცედურების განხორციელება მყისიერად დაიწყო.

„აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედმა, „თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონით განსაზღვრულმა კომისიამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად დაიწყო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების განხორციელება.

„თავისუფლების ქარტია“ საქართველოს კანონის მიზანია, საერთაშორისო სტანდარტების, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური სიმბოლიკის, აღმოფხვრა, აგრეთვე კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი და პროპაგანდის სხვა საშუალებების აკრძალვა“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

შეგახსენებთ, დღეს ერთ-ერთმა დამსვენებელმა „ფეისბუქის“ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაკურიანში საბჭოთა კავშირის დროინდელი რუბლის გამოყენება ხდება,- “ლარით ყიდულობ მგზავრობას და ბილეთის, ჟეტონის მაგივრად გაძლევენ რუბლს“, - წერს დამსვენებელი ანა მარშანია.

როგორც Bm.ge-ის მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუცხადეს, ე.წ 25-იანების საბაგირო მათი მენეჯმენტის ქვეშ არ არის.

რაც შეეხება საბაგიროს მფლობელ კომპანიას, Bm.ge-ი ცდილობს მისი მფლობელების ვინაობის დადგენას. ხოლო ბორჯომის მერიაში, ზარებს არ პასუხობენ.