მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. დრიფტი, დამუქებული მინები და ციმციმა სიგნალები აიკრძალა - კანონი მიღებულია

63876163a6009
BM.GE
30.11.22 17:56
6923
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო კანონპროექტები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების საკითხებს შეეხება.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნები განხორციელდა.

ცვლილებების ნაწილი სიჩქარის გადაჭარბებისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ზრდას შეეხება. ცვლილებები შეეხება ხმაურის რეგულირების საკითხსაც. მთვარობის დადგენილებით განისაზღვრება ხმაურის დასაშვები დონე და ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური აღემატება დადგენილ ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების დაკლებას.

დაჯარიმებას გამოიწვევს ასევე განზრახ მოცურება/მოსრიალება ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელება ე.წ. დრიფტი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებულ პროფესიულ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისას. კანონპროექტი დამუქებული მინების და ციმციმა სიგნალების დადგენილი წესის დარღვევით გამოყენებასაც შეეხება.

კანონი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ხოლო ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები ძალაში 2024 წლის 1 იანვრიდან შევა.