მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის სულ 204 მოქალაქე დააჯარიმეს

5e85d131ed6f1
ინგა მურუსიძე
02.04.20 15:53
776
სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს.
გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

“1 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე.

პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს განაგრძობს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

ასევე, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.