მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ე.წ. სუფრის ღვინოების სერტიფიცირება სავალდებულო გახდება

5db4b7c426d83
თათია ჩაფიჩაძე
27.10.19 10:00
1540
საქართველოს ბაზრისთვის განკუთვნილი რქაწითელისგან წარმოებული ღვინის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება.

როგორც გადაცემაში "საქმიანი დილა" ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ვაჭარაძემ ფალსიფიცირებული ღვინოების არსებობის საკითხზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაბამის კანონში ცვლილებები უნდა მომზადებულია.

"ე.წ. სუფრის ღვინოები, რომელიც რქაწითელისგან მზადდება, ამ დრომდე არ კონტროლდება, ვინაიდან შიდა ბაზარზე მათი სერტიფიცირება კანონით სავალდებულო არ არის. აქედან გამომდინარე, "ვაზისა და ღვინის შესახებ" კანონში შეგვაქვს ცვლილებები, რომ ეს ღვინოებიც სავალდებული სერტიფიცირებაში მოექცეს. ეს კანონპროექტი უკვე წარდგენილია პარლამენტში და განსახილველად დევს კომიტეტებში.

კანონის თანახმად, ყველა მეწარმე ვალდებული იქნება, სააგენტოში დარეგისტრირდეს და შემდეგ უკვე ინსპექტირებას დაექვემდებარებიან. ჩვენ უკვე მაქსიმალურად სწრაფად ვიმუშავებთ ამ მიმართულებით და ეს კონტროლი ძალიან მკაცრი იქნება", - განაცხადა ზურაბ ვაჭარაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრის მდგომარეობით, წლის განმავლობაში ღვინის ლაბორატორიული კვლევის ფარგლებში ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 100 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, საიდანაც აღებული 500 ნიმუშიდან, სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 18 შემთხვევაში ეთქვა. ამასთან, სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედახმედველობის ფარგლებში შემოწმება 32 კომპანიაში ჩატარდა, საიდანაც 1200-მდე ნიმუში აიღეს, 7 კომპანიაში კი გარკვეული სახის დარღვევები აღმოჩნდა, რაზეც კანონით განსაზღვრული მოქმედებები განხორციელდა.

რაც შეეხება რესტორნებში ფალსიფიცირების მასშტაბურობას, სააგენტოში მიაჩნიათ, რომ მსგავსი ფაქტების არსებობა გაზრდილი კონკურენციის პირობებში თავად რესტორნების ინტერესებში არ შედის.

"იმის თქმა, რომ რესტორნებში შეხვალ და ფალსიფიცირებული ღვინო იყიდება, არასერიოზულად მიმაჩნია. საკმაოდ დიდი კონკურენციაა და ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს.

2018 წელს აიკრძალა ქარხნების მიერ ჭაჭის მიყიდვა გლეხზე, რომელიც დიდი მიღწევა იყო, ვინაიდან ეს იყო ფალსიფიკაციის წყარო და რისკი. ახლა სერტიფიცირება დაემატება, კონტროლი მოხდება და მერწმუნეთ, ასეთ შემთხვევებს მაქსიმალურად გავაკონტროლებთ", - განაცხადა ზურაბ ვაჭარაძემ.