მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“პერიოდული სავალდებულო ტესტირება არ უნდა შეჩერდეს” - ჯანდაცვის სპეციალისტი

61f185a488a13
ანუკა ჯოხაძე
27.01.22 00:40
822
პირველი თებერვლიდან, შესაძლოა, უსიმპტომო პაციენტები კორონავირუსზე ტესტით აღარ შემოწმდნენ. ინიციატივა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის. “მივმართავ მოსახლეობას და ვთხოვ, უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გადავტვირთავთ ამით ლაბორატორიას. ინფიცირებულთან კონტაქტირებული უსიმპტომო ადამიანი 8 დღე უნდა იყოს სახლში. წინადადებით შევდივართ უწყებათშორის საბჭოში, რომ 1-ელი თებერვლიდან დროებით უსიმპტომო ადამიანების, სისტემური ტესტირება შევაჩეროთ, გარდა სამედიცინო პერსონალისა, რათა ძირითადად, სიმპტომებიანი ადამიანების გატესტვაზე გადავერთოთ“, - თქვა გუშინ ამირან გამყრელიძემ.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ პერიოდული სავალდებული უფასო ტესტირებების შეჩერება, მითუმეტეს „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკში, მართებული არ არის.

ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი თვლის, რომ ამ სექტორებში დასაქმებულ ადამიანებს ყველაზე დიდი შემხებლობა აქვთ საზოგადოებასთან.

მისი თქმით, დიდია რისკი, რომ უსიმპტომო პირებისგან ვირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელება მოხდეს.

„პერიოდული სავალდებულო ტესტირება არ უნდა შეჩერდეს, რადგან ეს ადამიანები არიან ის რისკჯგუფები, რომლებიც ძალიან აქტიურად ახდენენ ვირუსის გადაცემას. ჯგუფები თავიდანვე სწორად იქნა შერჩეული და მივესალმებოდით, თუმცა, სამწუხაროდ, თუ ამ ადამიანების ტესტირება შეწყდება, ამით ხელი შეეწყობა უსიმპტომო ადამიანების ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილებას. ეს კიდევ ერთხელ მაძლევს საბაბს, ვიეჭვოთ, რომ ქვეყანაში ტესტირების რაოდენობის მხრივ არის პრობლემები და სახელმწიფო იძულებულია, მოხსნას ამ რისკჯგუფებზე სავალდებულო ტესტირება. ჩვენ ყველა ვხედავდით, 1 თვის წინ რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში, თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფო ისევ არ აღმოჩნდა მზად. სამედიცინო სექტორის მხრიდან უფრო მეტ მობილიზაციას ვისურვებდი“, - აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი.