21.დეკემბერი .2020 12:16

"სახელმწიფო ელექტროსისტემის" გაკოტრების რეჟიმიდან გამოსვლასთან ძალიან ახლოს ვართ - თურნავა

"სახელმწიფო ელექტროსისტემის" გაკოტრების რეჟიმიდან გამოსვლასთან ძალიან ახლოს ვართ - თურნავა
views 591
უკან

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას ინფორმაციით, "ძალიან ახლოსაა ის დრო, როცა სახელმწიფო ელექტროსისტემა გაკოტრების რეჟიმიდან გამოვა".

ამის შესახებ თურნავამ პარლამენტში 5 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატები მთავრობის პროგრამას წარადგენენ. 

„სახელმწიფო საწარმოების მართვის თვალსაზრისით სერიოზული რეფორმებია დაგეგმილი და ეს არის ჩვენ მიერ აღებული ვალდებულება იგივე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებულ ერთობლივ პროგრამაში. ამაზე ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან და დონორებთან, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. საუბარია იმაზე, რომ მოხდეს იმ სახელმწიფო საწარმოების მეტად კორპორატიზაცია და ცივილურად მართვა, რომელთა განკერძოება არ იგეგმება. ამოცანა არის ის, რომ ფინანსურად მდგრადი, დამოუკიდებელი იყოს და ჩვენი ფინანსური ბაზრების მნიშვნელოვანი მონაწილე  გახდეს. ეს, პირველ რიგში, სახელმწიფო ელექტროსისტემიდან იწყება. აზიის განვითარების ბანკის დახმარებით და მსოფლიო ბანკის მახრდაჭერით უკვე ძალიან ახლოს ვართ იმასთან, როცა ეს ორგანიზაცია გაკოტრების რეჟიმიდან გამოვა და დაფინანსების დამოუკიდებლად მოზიდვას შეძლებს. შემდეგ პროცესი სხვა საწარმოებთან მიმართებაშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა სახელმწიფო კომპანიების რეფორმას იწყებს. ამაზე საუბარია 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტშიც. 5-სვეტიანი რეფორმის თანახმად, უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საწარმოთა კომერციალიზაცია, OECD-ს პრინციპებზე დაყრდნობით საწარმოებში დაინერგოს კორპორაციული მართვის სტანდარტები, განისაზღვროს სახელმწიფო საწარმოთა ფლობის პოლიტიკა და რაციონალობა, დაიწყოს საწარმოთა სტრატეგიული მართვა და გაანალიზდეს და შემუშავდეს ნორმები საწარმოთა კონკურენტული ნეიტრალურობის უზრუნველსაყოფად. სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე გადაცემა „Forbes კვირაში“, მიმდინარე წლის ოქტომბერში, ჯერ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა, შემდეგ კი - ეკონომიკის მინისტრმა. როგორც ცნობილია, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საპილოტე საწარმოს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა წარმოადგენს.

შეგახსენებთ, სახელმწიფო ელექტროსისტემამ, რომელიც ოფიციალურად 2023 წლამდე რეაბილიტაციის რეჟიმშია, 2019 წელი 30 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა