მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook, Instagram, Snapchat - ბირჟებზე სოციალური ქსელების აქციები მკვეთრად დაეცა

628e34920240a
გიორგი თოლორდავა
25.05.22 19:13
4046
გასული 24 საათი ზოგადი საფონდო ინდექსებისთვის არაერთგვაროვანი შედეგებით დასრულდა: Dow Jones უმნიშვნელოდ, 0.15%-ით გაიზარდა; S&P 500-ის ღირებულება 0.81%-ით შემცირდა; ხოლო Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსი 2.35%-ით არის შემცირებული.

ტექნოლოგიური სექტორის ვარდნა სოციალური პლატფორმების იმედგამაცრუებელ შედეგებს უკავშირდება. ერთ დღეში Snapchat-ის აქციების ღირებულება 43%-ით შემცირდა, რაც ნეგატიური სამომავლო მოლოდინებითაა განპირობებული.

სოციალური ქსელის წარმომადგენლობის განმარტებით, მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებისა და რეცესიის რისკების ზრდის ფონზე, სულ უფრო მეტად მცირდება სარეკლამო სერვისებზე მოთხოვნა, რაც Snapchat-ის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს.

ინვესტორები მხოლოდ Snapchat-ის აქციების გაყიდვით არ შემოფარგლულან, დაღმასვლის ტრენდი მალევე გავრცელდა სოცქსელებისა და სარეკლამო სექტორში წარმოდგენილ უმსხვილეს კომპანიებზეც: Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta-ს ღირებულება თითქმის 9%-ით შემცირდა; ხოლო Google-ის მშობელი Alphabet-ის აქციების ფასი, დაახლოებით, 8%-ით დაეცა.

რაც შეეხება ბირჟაზე დაფიქსირებულ აღმასვლის ტენდენციას, შესანიშნავი კვარტალური შედეგების გასაჯაროებს ფონზე, 5.8%-ით გაიზარდა ავტომობილების სათადარიგო ნაწილების სავაჭრო ქსელის, Autozone-ის აქციების ღირებულება; ხოლო O’Reilly Automotive-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 5.0%-ით არის გაზრდილი.

ტექნოლოგიური სექტორის დაღმასვლის მიუხედავად, 5.6%-ით მოიმატა ვიდეო-კონფერენციების პოპულარული პლატფორმის, Zoom-ის აქციების ფასმა.

ხოლო რაც შეეხება Dow Jones-ის ინდექსს, გასულ 24 საათში გამორჩეული შედეგები ჰქონდათ შემდეგ უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს: McDonald’s (+2.7%); Verizon (+2.0%); IBM (+2.0%); Coca-Cola (+1.9%); P&G (+1.8%); JPMorgan (+1.4%); Walmart (+1.3%).

საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.