მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა 2022 წელს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დაფინანსებას 81.8 მილიონამდე ზრდის

615b149007613
შოთა ტყეშელაშვილი
04.10.21 18:54
2051
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 2022 წელს 12.6 მილიონით გაიზრდება და რეკორდულ მოცულობას 81.8 მილიონ ლარს მიაღწევს - ამის შესახებ მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი კერძო მაუწყებლის კერძო სარეკლამო შემოსავალი, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მომდევნო წელსაც ყველაზე მდიდარი არხის წოდებას შეინარჩუნებს. 

კერძო მაუწყებლებთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი შემოსავლის მიუხედავად, კვლავ დაბალია პირველი არხის რეიტინგი, რაც TVMR-ის მონაცემებით, 20-26 სექტემბრის პერიოდში 3.38% (SHR) შეადგენდა და მეექვსე ადგილს იკავებდა. შედარებისთვის ყველაზე რეიტინგული "იმედის" წილი ამავე პერიოდში 22.96% (SHR) იყო. 

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადასაცემი საბიუჯეტო დაფინანსება საქართველოს მშპ-ის ზომაზე არის მიბმული, შესაბამისად მის ზრდას ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა განაპირობებს. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობაა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ წლიური კანონის პროექტის შემუშავების პერიოდში არსებული მაკროპარამეტრების გათვალისწინებით დასაგეგმი წლის წინა წლისათვის განსაზღვრული მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ისა,"- ნათქვამია კანონში.