მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პანდემიის დასასრულისთვის ვემზადებით" - "თელავის ღვინის მარანი"

61fbbc6fe9ce3
მარიამ იზორია
03.02.22 22:19
2253
საქართველომ 2021 წელს ღვინის ექსპორტით 239.2 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის მაჩვენებელს ($210.3 მლნ) 13.8%-ით აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებულია 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი შარშან 441-მა კომპანიამ განახორციელა. bm.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, TOP-10 კომპანიას შორის, რომელთაც ექსპორტზე შარშან ყველაზე მეტი ღირებულების ღვინო გაიტანეს, ერთ-ერთი “თელავის ღვინის მარანია”. კომპანიამ 2021 წელს საერთაშორისო ბაზრებზე 50 მლნ ბოთლი ღვინო გაყიდა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ რამაზაშვილმა bm.ge-ს განუცხადა, საექსპორტო გაყიდვები 2021 წელს 2020-თან შედარებით გაიზარდა, თუმცა არსებული მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს ჯერჯერობით ვერ გაუთანაბრდა. მისივე განმარტებით, ადგილობრივი ბაზრის გაყიდვებიც 2019 წლის შედეგებთან ახლოს არ არის, რადგან 2019-ში შიდა ბაზარი ღვინის გაყიდვების კუთხით ისტორიულ მაქსიმუმზე იყო.

“2021 წელს 2020-თან შედარებით საექსპორტო გაყიდვები 10%-ით გაიზარდა. ჯერჯერობით 2019 წლის მაჩვენებელს, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივ ბაზარზე ჩამოვრჩებით. საქართველოში ღვინის რეალიზაცია ტურისტულ ნაკადზეა დამოკიდებული. 2021 წელს ქვეყანაში უფრო მეტი ტურისტი შემოვიდა, თუმცა ისტორიული მაქსიმუმისგან მაინც შორს ვართ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, უპირველესად არსებულ სიტუაციასთან ადაპტაცია გვინდა. ასევე პანდემიის დასასრულისთვის ვემზადებით”, - ამბობს ზურაბ რამაზაშვილი.

ინფორმაციისთვის, “თელავის ღვინის მარანი” ექსპორტს 32 ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორის, პოლონეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთსა და რუსეთში.