მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა კრემლის პროპაგანდისტული სააგენტოს გვერდები წაშალა ქართულ და სხვა ენებზე - ISFED

5eac61b037a00
თამთა ჯიჯავაძე
01.05.20 21:49
1779
2020 წლის 30 აპრილს „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან წაშალა კრემლის პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფრონტის“ „ფეისბუქ“ გვერდები ქართულ და სხვა ენებზე, რომელთაც გამოცემა სხვადასხვა ქვეყნებში იყენებდა. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში „ნიუს-ფრონტ ჯორჯიას“ და მასთან დაკავშირებულ ანგარიშებს „ფეისბუქზე“ 2019 წლის ნოემბრიდან აკვირდებოდა.

ორგანიზაციამ ღია წყაროების გამოყენებით შეისწავლა სააგენტო News-Front Georgia-ს (შემდგომში „ნიუს-ფრონტი“) მასალების გავრცელების სქემა „ფეისბუქზე“ და მივიდა დასკვნამდე, რომ „ნიუს-ფრონტი“ „ფეისბუქზე“ ოპერირებდა პლატფორმის წესების მასობრივი დარღვევით. შესაბამის მიმოხილვას ISFED-ი ავრცელებს:

„ნიუს-ფრონტ ჯორჯიას“ „ფეისბუქ“ გვერდი და მისი ადმინისტრატორი სხვა არაავთენტურ ანგარიშებთან ერთად შერჩევითად, ვიწრო სამიზნე აუდიტორიაზე გათვლით ავრცელებდა ინფორმაციას, რომელიც მიმართული იყო ქართულ „ფეისბუქ“ მომხმარებლებში ანტაგონიზმისა და აგრესიის გაღვივებისკენ, საზოგადოების დახლეჩვისკენ და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ. „ნიუს-ფრონტი“და მასთან კოორდინირენული არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ტაქტიკის გამოყენებით ავრცელებდნენ ანტიდასავლურ, პრო-რუსულ გზავნილებს და ქმნიდნენ არაავთენტურ ინტერაქციას „ფეისბუქის“ აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის მიზნით.

„ნიუს-ფრონტის“ აქტიური საქმიანობა ქართულ „ფეისბუქ“ სივრცეში დაახლოებით 6 თვეს ითვლიდა. მას საკუთარი კონტენტის გასავრცელებლად ორგანიზებული ქსელი ჩამოყალიბებული ჰქონდა ძირითადად, არაავთენტური, საეჭვო ანგარიშების სახით. გამოცემის ოფიციალური „ფეისბუქ“ გვერდისა და ამ გვერდის ადმინისტრატორის, კონსტანტინე ჩიკვილაძის პერსონალური ანგარიშის გარდა ქსელს ქმნიდა 12 არაავთენტური ანგარიში, რომლებიც მიზანმიმართულად და ორგანიზებულად, არაავთენტური და კოორდინირებული ქცევის გამოყენებით აქტიურ საინფორმაციო ოპერაციებს ატარებდა „ფეისბუქ“ ჯგუფებში.

როგორვ ISFED-ი წერს, „ნიუს-ფრონტი“ და მის სასარგებლოდ მოქმედი არაავთენტური ანგარიშები განზრახ შერჩევითად აზიარებდნენ „ნიუს-ფრონტის“ პოსტებს თემატურ ჯგუფებში და სიმულირებდნენ კომენტარებს, რაც ქართული პოლიტიკური გარემოს მიზანმიმართულად პოლარიზაციის გარდა, ასევე, სავარაუდოდ უკავშირდებოდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. "მათი სამიზნე, როგორც ღიად პრო-რუსული შინაარსის მქონე ჯგუფები, ასევე, „ქართულ ოცნებისა“ და მის ლიდერების მხარდამჭერთა, და „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდამჭერების ჯგუფები იყვნენ. „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, „ნიუს-ფრონტის“ მასალები ვრცელდებოდა 31 ღია „ფეისბუქ“ ჯგუფში, რომელთაც ჯამში 521,240 წევრი ჰყავთ.

რუსული გამოცემა „სპუტნიკ-საქართველოს“ არაავთენტური კოორდინინირებული ქმედებების მსგავსად, „ფეისბუქზე“ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ნიუს-ფტონტის“ ოპერაციების ხაზიც ინტერესების ირგვლივ გაერთიანებული მრავალრიცხოვანი აუდიტორიის მქონე ჯგუფების გამოყენებაზე გადიოდა", – წერს ორგანიზაცია.

რა არის „ნიუს-ფრონტი“?

ISFED-ი წერს, რომ „ნიუს-ფრონტი“ საქართველოში მოქმედი კრემლისტური საინფორმაციო საგენტოა, რომელიც აქტიურად იყენებდა „ფეისბუქს“ პრო-რუსული და ანტიდასავლური საინფორმაციო კამპანიის საწარმოებლად.

"ღიად აგრესიული პრო-რუსული და ანტიდასავლური საინფორმაციო ფრონტი რუსეთმა საქართველოში 2019 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე, ონლაინ გამოცემა news-front.ge-ს ამოქმედებით გააძლიერა. მედიის განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ამ გამოცემას მოსკოვიდან რადიკალურ დაჯგუფება „ქართულ მარშთან“ დაკავშირებული, მოსკოვში მყოფი პრორუსული ორიენტაციის მქონე პირი, შოთა აფხაიძე მართავს. ორგანიზაციის კიდევ ერთი კვლევის თანახმად კი, გამოცემას „ფეისბუქზე“ ღიად ორგანიზებული ქსელი გააჩნია.

News-front Georgia - წარმოადგენს კრემლისტური საინფორმაციო სააგენტო News-front-ის ქსელის ნაწილს, რომლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე საკონტაქტო მისამართად მითითებულია სიმფეროპოლი, ყირიმი, როგორც რუსეთის ფედერაციის ტერიტორია. სააგენტო აერთიანებს გამოცემებს ინგლისურ, ბულგარულ, გერმანულ, ესპანურ, სერბულ, უნგრულ და ქართულ ენებზე.

სააგენტო „News-Front” დაარსებულია რუსეთის ფედერაციის მთავრობის კომუნიკაციების მარეგულირებელი სააგენტოს, როსკომნადზორის 2015 წლის 26 ივნისის ბრძანებით.

კორონავირუსის პანდემიის ფონზეც „ნიუსფრონტი“ შენიღბულად უთხრიდა ძირს სახელმწიფოს მიერ ვირუსით გამოწვეული პრევენციული ღონისძიებების, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მიმართ სანდოობას და მიზანმიმართულად ავრცელებდა დეზინფორმაციას. „ნიუს-ფრონტი“ დეზინფორმაციული სტატიებით თავს ესხმოდა ლუგარის ლაბორატორიას და მის დირექტორს, პაატა იმნაძესაც.

„სამართლიანი არჩევნებმა“ აღმოაჩინა 12 არაავთენტური ანგარიში, რომელთა მეშვეობით „ნიუს-ფრონტ“ საქართველოს ოფიციალური გვერდის გარდა გამოცემის მასალა სხვადასხვა ჯგუფში ორგანიზებულად და შერჩევითად ქვეყნდებოდა. არაავთენტური ანგარიშები სხვადასხვა ასაკის, სქესის და დემოგრაფიული მონაცემების მქონე პირების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, რაც მათ ყალბ ინტერაქციას ბუნებრივ ელფერს აძლევდა და რომელიც, თითქოს საზოგადოების ფართო სეგმენტს მოიცავდა. ამასთან, მათი დემოგრაფიული დივერსიფიცირების მაღალი ხარისხი განაპირობებდა მათი კოორდინირების უხილავობას და მათი ორგანიზებული აქტივობა „ფეისბუქის“ მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა", – წერია "სამართლიანი არჩევნების" მიმოხილვაში, რომელიც სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.