მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესმის უკმაყოფილება და პასუხისმგებლობას ვიღებ" - ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის საიტის ხარვეზებზე

60f1634198802
ინგა მურუსიძე
16.07.21 15:00
1191
მესმის უკმაყოფილება და პასუხისმგებლობას ვიღებ, - ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კრიტიკას და კითხვებს, რომელიც მის NCDC-ს მიმართ ისმის.

საქმე ის არის, რომ 14 ივლისს, როცა „ფაიზერის“ ვაქცინაზე ასაცრელად რეგისტრაცია დაიწყო, ვებ-გვერდმა გაჭედა, ხოლო როცა მოქალაქეები საიტზე შესვლას ახერხებდნენ, თითქმის ყველა ადგილი ვაქცინაზე დაჯავშნილი ხვდებოდათ. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ვაქცინაციის პორტალი გაითიშა და მოსახლეობის ნაწილმა რეგისტრაცია ვერ მოახერხა. 

„უკმაყოფილება აბსოლუტურად გვესმის, თუმცა „სინოფარმით“ რეგისტრაციის დროს, ვფიქრობ, ნამდვილად იყო კიბერშეტევა და მის გამოსწორებას ძალიან ბევრი უწყების ბევრი წარმომადგენლის შრომა დასჭირდა. ეს იყო მიზანმიმართული, ძლიერი კიბერშეტევა... ვისი მხრიდან? ამაზე გამოძიება მიმდინარეობს, წინასწარ ვერავის დავაბრალებთ, თუმცა შესაძლოა ეს იყოს არაკეთილმოსურნე სახელმწიფოები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ეს "არაკეთილმოსურნე სახელმწიფო" იყოს რუსეთი, გამყრელიძემ უპასუხა, რომ არაფერს გამორიცხავს. გარდა ამისა, NCDC-ს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ყველა პორტალი განთავსდა გაცილებით ძლიერ სერვერზე.

„პოლიტიკურ პასაჟებს არ ვაკეთებ, მაგრამ გასული წლის გაზაფხულისგან განსხვავებით სოლიდარობა ნაკლებია. არიან ადამიანები, ვინც ფიქრობს, რომ ეს პროცესი თუ ჩაიშალა...[კარგია]. ჰგონიათ ვინმეს აზარალებენ, მაგრამ სინამდვილეში ზარალდება მოსახლეობა. „ფაიზერს“ რაც შეეხება, 120 ათასამდე ადამიანს ჰქონდა პირველ 10 წუთში ვებ-გვერდზე შემოსვლის მცდელობა. მერე გაიჭედა პორტალი და ძაბრისებური პროცესი იყო. ეს ძაბრი იხსნებოდა და მოქალაქეები რეგისტრირდებოდნენ.

პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ. მეკითხებიან, გრძნობ თუ არა პასუხისმგებლობასო, ვგრძნობ რა თქმა უნდა. მას შემდეგ, რაც ექიმი გავხდი, პასუხისმგებლობას მუდმივად ვგრძნობ და არ გავურბივარ, მაგრამ ამავე დროს, გიხსნით პროცესს, რაც მოხდა. როცა ერთ ადგილას რეგისტრაციას ცდილობს 12 ადამიანი და 1 დარეგისტრირდება, დანარჩენი უკმაყოფილო რჩება. ამ შემთხვევაში იყო დიდი კონკურენცია და ამის გამო გაიჭედა საიტი. მესმის უკმაყოფილება და გარკვეულ პასუხისმგებლობას ვიღებ, თუმცა ვაიმედებ მოსახლეობას, რომ ქვეყანას ექნება ვაქცინების ის რაოდენობა, რაც საჭიროა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მედია-ვებინარზე.