16.ნოემბერი .2019 20:10

ფადი ასლი: გახარია დევიდ კოპერფილდი არ არის, რა შეუძლია გააკეთოს ცხრა თვეში

views 1010
უკან

საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლის აზრით, საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო გიორგი კვირიკაშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ გაუარესდა. ამის შესახებ მან "TV პირველზე", ელენე კვანჭილაშვილის საავტორო გადაცემაში "ანალიტიკა", ბოლო დღეებში განვითარებული პროცესების შეფასებისას განაცხადა.

"უკვე წელიწადნახევარია, მას შემდეგ რაც კვირიკაშვილმა პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა, ძალზე ფრთხილი და თავისებურად შეშინებული ვარ საქართველოსთან დაკავშირებით, ჩემს საკუთარ ბიზნესთან და იმ ინვესტორებთან მიმართებით, რომლებიც ჩვენთან მუშაობენ. პირად დონეზე, ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას არ ვენდობი. დარწმუნებული ვარ, არ იციან როგორ იმუშაონ ბიზნესთან და ეკონომიკასთან ახალი წესებითა და რეგლამენტებით, არ იციან, რას აკეთებენ. კვირიკაშვილი კარგი პრემიერი იყო, მასთან საუბარი შეიძლებოდა. ის ცვლილებების მომხრე იყო, მაგრამ სიტუაცია მისი წასვლის შემდეგ შეიცვალა", – განაცხადა ფადი ასლიმ.

მან ასევე, შექმნილ ვითარებაში გიორგი გახარიას შესაძლებლობებზე ისაუბრა.

"გახარია კარგი მენეჯერია, მას იმ დროიდან ვიცნობ, რაც საქართველოში ჩამოვიდა, მასთან მიმუშავია, როცა ბიზნესომბუდსმენი იყო და ეკონომიკის მინისტრის პოსტი დაიკავა, მაგრამ გახარია არ გახლავთ დევიდ კოპერფილდი. გახარიას რა შეუძლია გააკეთოს ცხრა თვეში, უბრწყინვალესი პრემიერიც რომ აღმოჩნდეს, როდესაც ივანიშვილმა 7 წელიწადში ქვეყანა ჩაძირა. წლები დასჭირდება ქვეყნის იქიდან ამოყვანას, სადაც ჩავარდა, ასევე – ინვესტორების ნდობის აღსადგენად, რომლებიც ახლა საქართველოს არ ენდობიან.

ძალიან ცუდია, როცა ინვესტორს ფულიც რომ გადაუხადო, საქართველოში არ ჩამოვა. ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა ამისთვის – მაგალითად, საზღვრებზე შეჩერებები, პრობლემების შექმნა, მთავრობას არ აძლევდა პრობლემების მოგვარების საშუალებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე ახლა 2006 წლის დონეზეა", – განაცხადა ფადი ასლიმ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო პროექტი ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეხებოდა, რამაც დეპუტატების ერთი ნაწილის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვება და რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა