მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს

638700838100f
BM.GE
30.11.22 11:10
770
საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ღია წერილით მიმართავს, რომელიც ყოფილი პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეხება.

ღია წერილში პრეზიდენტის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის მისაღები გადაწყვეტილების მნიშვნელობასა და სამ ასპექტზეა საუბარი, რომლითაც ფადი ასლის შეფასებით, პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს.

„თქვენ ერთადერთი ადამიანი ბრძანდებით საქართველოში, ვისაც მისი სიცოცხლის გადარჩენა ან დაავადებისგან მისი სამუდამოდ დაზიანებისგან ხსნა ძალუძს“ - წერია ღია წერილში.

BM.GE საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:

„ძვირფასო პრეზიდენტო, ამ წერილს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გწერთ.

მედიცინის ექსპერტების მოხსენებებსა და მრავალი პირადი ვიზიტორის ჩვენებებზე დაყრდნობით, მიხეილ სააკაშვილი ნელი სიკვდილით კვდება იმ კლინიკაში, სადაც არის განთავსებული. მოხსენებებში წერია, რომ მრავალი დაავადებით იტანჯება, ყოველ დღიურად უარესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომ დამოუკიდებლად უკვე გადაადგილებაც უჭირს; მოკლედ რომ ვთქვათ, ქარში მბჟუტავი სანთელივითაა.

ამჟამად, თქვენ ერთადერთი ადამიანი ბრძანდებით საქართველოში, ვისაც მისი სიცოცხლის გადარჩენა ან დაავადებისგან მისი სამუდამოდ დაზიანებისგან ხსნა ძალუძს.

1 - კარგი მმართველობის კუთხით რომ შევხედოთ:

ნება მომეცით, შეგახსენოთ 1498 წელს საფრანგეთში მომხდარი მოვლენა, როდესაც მეფე ლუი XII-ს გამეფებიდან მალევე უთხრეს, რომ დაესაჯა მისი მტრები, რომლებიც მას ორლეანის ჰერცოგობის დროს წინ აღუდგნენ; მან უპასუხა, რომ შურისძიება იმ ზიანის გამო, რომელიც ორლეანის ჰერცოგს მიადგა, არ არის საფრანგეთის მეფის მთავარი საზრუნავი. მეფე ლუი XII-ს იხსენიებენ როგორც ბრძენ ადამიანს, რომელიც დღევანდელ დღეს „კარგ მმართველობად“ ფასდება.

მესმის, რომ შესაძლოა პრეზიდენტი სააკაშვილი ცუდად მოგექცათ, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაგაყენათ, მაგრამ დღეს, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა და ქვეყნის ყველაზე მაღალი მორალის მქონე ხელისუფალმა, იმ ზიანზე მაღლა უნდა დადგეთ, რომელიც შესაძლოა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოგაყენათ, და უნდა იმოქმედოთ მორალურ და ადამიანურ ფასეულობებზე დაყრდნობით.

2 - პოლიტიკის კუთხით რომ შევხედოთ:

ერთ-ერთი თქვენი განცხადება წავიკითხე, სადაც ბრძანებთ, რომ სააკაშვილის შეწყალება ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის; ნება მომეცით სრულიად არ დაგეთანხმოთ ამ ნაწილში და გითხრათ, რომ ქართული საზოგადოება იმდენად პოლარიზებულია უკვე, რომ ამაზე მეტი უკვე წარმოუდგენელია. თქვენი განცხადება იმას ჰგავს, ადამიანი იხრჩობოდეს წყალში 50 მეტრის სიღრმეზე და ფიქრობდეთ, რომ მეტად ღრმად არ დაიხრჩოს.


3- იურიდიული კუთხით რომ შევხედოთ:

ალბათ უნდა იცნობდეთ მუხლს, „განსაცდელში მყოფი ადამიანის მიტოვების“ შესახებ;

თუ გავითვალისწინებთ, რომ თქვენ ერთადერთი ადამიანი ბრძანდებით, ვისაც ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის სიკვდილისგან ან სერიოზული დაინვალიდებისგან ხსნა შეგიძლიათ მისი შეწყალებით, და უარს ამბობთ მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გადარჩენაზე, თქვენს ქმედებას შეიძლება მოჰყვეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა განსაცდელში მყოფი ადამიანის დაუხმარებლობის გამო, რაც დანაშაულია.

ძვირფასო პრეზიდენტო, დღეს თქვენ გზაჯვარედინს წარმოადგენთ, ან იმოქმედებთ როგორც პრეზიდენტი ან იმოქმედებთ როგორც პარტიზანი; არჩევანი თქვენზეა, სულ რამოდენიმე დღე გაქვთ გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა თქვენი მომავალი და თქვენი ადგილი ისტორიაში სწორედ ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრება მომავალში.

პატივისცემით, ფადი ასლი“, - წერია პრეზიდენტისადმი მიმართულ ღია წერილში.