მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფადი ასლი: ვერ ვხდები, რა ამყარებს ლარს

62066470b9089
შოთა ტყეშელაშვილი
11.02.22 17:31
6309
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი BMG-სთან ინტერვიუში ლარის გაცვლითი კურსის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ქვეყანაში შემცირებული ტურისტული შემოსავლების, ასევე კლებადი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გათვალისწინებით, გაურკვეველია რა არის ლარის გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარების მიზეზი.

“მე ჩემს ლოგიკას უფრო ვეყრდნობი, ვიდრე - რიცხვებს. მინდა, 2021-2022 წელი შევადარო 2019 წელს, რომელიც ბოლო ნორმალური წელი იყო პანდემიამდე. 2019 წელს ლარი უფასურდებოდა. ეს იყო ტრენდი. იმ პერიოდში ეკონომიკა გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დღესაა. 2021 წლის რიცხვებს რომ შეხედოთ, ტურიზმიდან მესამედი მივიღეთ - ეს იმას ნიშნავს, რომ 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით, 2 მილიარდი დაგვაკლდა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პრაქტიკულად არ არსებობს. ექსპორტი გაიზარდა, მაგრამ იმპორტიც გაიზარდა. მათემატიკაც არ სჭირდება ამას, არითმეტიკის ცოდნაც საკმარისია - ხვდები, რომ არ არსებობს რეალური ახსნა, რატომ არის ლარი ამ დონემდე გამყარებული. ამას ემატება ქრონიკული პოლიტიკური არასტაბილურობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთაც, ამიტომ როცა ამ სურათს ვუყურებ, ვერ ვხვდები, რა ამყარებს ლარს.

შესაძლოა, ეკონომიკაში დოლარი შედის, ოღონდ ჩვენ არ ვიცით ამის შესახებ. ეს იცის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა. რაც შეეხება გადმორიცხვების დინამიკას, ის იმიტომ გაიზარდა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მეტმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა და აგზავნის ფულს. ასევე, პანდემიის სირთულეებიდან გამომდინარე, ხალხს უფრო მეტი ფულის გამოგზავნა უწევს. ისევ 2019 წელს რომ შევადაროთ, დაახლოებით, 1 მილიარდიან ზრდას მივიღებთ. ეს მილიარდი დოლარი ვერ იქნება დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რატომ მყარდება ამ დონეზე ლარი 15 ნოემბრიდან მოყოლებული. თუ გახსოვთ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, როცა ლარი უფასურდებოდა, მთავრობა ამბობდა, რომ დიახ, ეს ასე ხდება, რადგან ჩვენი სავაჭრო მეგობრების ვალუტა უფასურდება. დღეს, თურქული ლირა უფასურდება, რუბლიც უფასურდება, რატომ მყარდება ლარი?”, - ამბობს ფადი ასლი.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით 5%-ით გამყარდა. კითხვაზე - ამყარებს თუ არა ეროვნულ ვალუტას გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფადი ასლი მიიჩნევს, რომ ეს ერთ-ერთი ფაქტორია, თუმცა ის ასეთ გამყარებას ვერ გამოიწვევდა.