მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ფაფრის ველი": რუსეთში ღვინის გატანა არასოდეს გვიფიქრია

6385d98723cc2
ლიკა მეგუთნიშვილი
03.12.22 11:47
1035
ორგანული მევენახეობა-მეღვინეობა „ფაფრის ველის“ წარმოებული ღვინის დაახლოებით 80% ექსპორტზე გადის და მსოფლიოს 21 ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორისაა აშშ, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, საფრანგეთი, გერმანია.

როგორც „ფაფრის ველის“ დამფუძნებელი, შალვა ქურდაძე BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, ისინი ტრადიციულ ბაზრებზე ღვინის გატანაზე უარს ამბობენ, განსაკუთრებით კი - რუსეთში.

„ჩვენ წელიწადში საშუალოდ 35-40 ათასამდე ბოთლ ვაწარმოებთ და როდესაც ასეთ წამყვან ქვეყნებში გაგვაქვს ღვინო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამას დაახლოებით 10 წელი დასჭირდა, თუმცა მევენახეობას 2004 წლიდან მივდევთ. ისეთ ტრადიციულ ბაზრებზე, როგორიცაა: ყაზახეთი, ჩინეთი თუ სხვა - ჩვენ არც გვიფიქრია. განსაკუთრებით კი - რუსეთზე, გასაგები მიზეზების გამო, მიუხედავად იმისა, რომ იქ კონკრეტულად ჩვენს ღვინოზე დიდი მოთხოვნაა. დსთ-ს ქვეყნებიდან მხოლოდ უკრაინაში გაგვაქვს, ისიც ჩვენი პირადი სიმპათიის გამო და ძალიან გვიხარია, რომ იქ ჩვენი ღვინო არის წარმოდგენილი“, - აცხადებს შალვა ქურდაძე.

მისივე თქმით, მთავარი მოთხოვნა, რაც ძვირად ღირებულ არატრადიციულ ბაზრებზეა, მაღალი ხარისხია. ის კომპანიები კი, რომლებიც მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ, ასეთ ბაზრებზე ყოველთვის მოთხოვნადები იქნებიან.

ცნობისთვის: 2022 წლის 10 თვეში ღვინის ექსპორტი 6.2%-ით გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან ჯამში თითქმის 201 მლნ აშშ დოლარის ღვინოა ექსპორტირებული. განსაკუთრებით გაზრდილია ღვინის ექსპორტი რუსეთში. სტატისტიკით 10 თვეში რუსეთში ექსპორტირებულია 129 მლნ დოლარის ღვინო, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდში, 106 მლნ დოლარი იყო. ზრდა 21.6%-ს შეადგენს. ასევე, თითქმის 65%-მდეა გაზრდილი რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში.